ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედროებმა გაათავისუფლეს ტანკერი Central Park-ი, რომლის გატაცებას შეიარაღებული პირები ცდილობდნენ ადენის სრუტეში, იემენის სანაპიროს მახლობლად. ამის შესახებ დღეს, 27 ნოემბერს, იუწყებიან სააგენტო Reuters-ი და ტელეკომპანია Fox News-ი.
ტანკერის ეკიპაჟში 22 წევრია - საქართველოს, ბულგარეთის, ფილიპინების, ვიეტნამის, ინდოეთისა და რუსეთის მოქალაქეები. მეზღვაურები არ დაშავებულან.
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დისლოცირებულმა ამერიკულმა სამხედრო გემმა Mason-მა ტანკერიდან განგაშის სიგნალი 26 ნოემბერს მიიღო. 5 შეიარაღებული პირი, რომლებიც ტანკერს ნავით მიუახლოვდნენ, გემზე შეღწევას ცდილობდნენ. ინციდენტის რაიონში ამერიკული გემის და ვერტმფრენის გამოჩენის შემდეგ, თავდამსხმელებმა გაქცევა სცადეს, თუმცა დაკავებული არიან. ოპერაციაში მონაწილეობდა იაპონიის სამხედრო გემიც.
ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, თავდამსხმელების დაკავების შემდეგ, გემ Mason-ს ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს იემენში მოქმედმა ჰუთმა მეამბოხეებმა. გემმა ორივე რაკეტა მასთან მიახლოებამდე ჩამოაგდო.
ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი Central Park-ი, რომელსაც ფოსფორის მჟავა გადაჰქონდა, კომპანია Zodiac Maritime-ს ეკუთვნის და შედის ლონდონში დარეგისტრირებული Zodiac Group-ის შემადგენლობაში. მისი მფლობელია ისრაელელი მილიარდერი ეიალ ოფერი. კომპანიამ კოალიციურ ძალებს ინციდენტზე სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეკიპაჟის წევრები და ტანკერი უსაფრთხოდ არიან.
იემენის სანაპიროსთან გემებზე თავდასხმები გახშირდა ისრაელის მიერ პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხე ჰუთებს, რომლებიც იემენის ნაწილს აკონტროლებენ, სამიზნედ აქვთ გამოცხადებული ისრაელის გემები.