Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სიკვდილით დასაჯეს მკვლელობისთვის ბრალდებული 17 წლის ბიჭი


ირანში ჩამოახრჩვეს 17 წლის ბიჭი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობისთვის. ნორვეგიაში მოქმედი ორგანიზაციის, ირანის ადამიანი უფლებათა ჯგუფის (IHR) ცნობით, ჰამი რეზა აზარი 24 ნოემბერს დასაჯეს.

„მის მიერ იძულების გზით მიღებული აღიარების შესახებ სახელმწიფო მედიის ცნობაში აზარის ასაკად მითითებულია 18 წელი“, - აღნიშნავს ირანის ადამიანი უფლებათა ჯგუფი.

სააგენტო „ტასიმის“ თანახმად, მოზარდი „ღირსების მკვლელობისთვის“ გაასამართლეს.

მიმდინარე წლის განმავლობაში ირანში მრავალჯერ მოიყვანეს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უმრავლეს შემთხვევაში გამოაქვს ნაჩქარევად, ხოლო „ფიქციური“ სასამართლო პროცესები და იძულებითი აღიარება ირანში ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს.

ე.წ. ღირსების მკვლელობა ჰქვია ქალების მკვლელობას მამაკაცი ნათესავების მიერ იმ მოტივით, რომ მათ შეურაცხყვეს ოჯახი სავარაუდო მორალური დანაშაულით, მათ შორის, გაქცევით, მრუშობით, განქორწინების მოთხოვნით ან თუნდაც ოჯახის რეპუტაციის შემლახველი უსაფუძვლო ბრალდებით.

ირანში „ღირსების მკვლელობის“ სანდო სტატისტიკა არ არსებობს. ითვლება, რომ ბევრი შემთხვევა გამოუქვეყნებელი და მიჩქმალულია.

XS
SM
MD
LG