Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი ძალაში შევიდა


საილუსტრაციო ფოტო. ღაზის სექტორი
საილუსტრაციო ფოტო. ღაზის სექტორი

ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ძალაში შევიდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ამ კვირაში მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების 4 დღით შეწყვეტას და ღაზის სექტორში მყოფი მძევლების ნაწილის და ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას. ასევე - ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას, მათ შორის საწვავის შეტანას.

CNN-ის კორესპონდენტის ცნობით, დროებითი ზავის ძალაში შესვლის დროდ გამოცხადებული დილის 7 საათიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კვლავ გაისმა საარტილერიო დანადგარებიდან სროლის ხმა, თუმცა მალევე შეწყდა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მთავარი შუამავლის, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის უნდა გათავისუფლდეს მძევლების პირველი ჯგუფი - 13 ქალი და ბავშვი. ისრაელის ციხეები უნდა დატოვოს 39-მა პალესტინელმა ქალმა და არასრულწლოვანმა. მძევლობიდან გათავისუფლებულებს თავდაპირველად ეგვიპტეში გადაიყვანენ, ხოლო პალესტინელებს - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

გარდა ამისა, ღაზის სექტორში ყოველდღიურად უნდა შევიდეს 200 ავტომანქანა ჰუმანიტარული ტვირთით და 130 000 ლიტრი დიზელის საწვავი.

შეთანხმების თანახმად, 4-დღიანი ზავის პერიოდში ღაზის სექტორიდან უნდა გათავისუფლდეს, საერთო ჯამში, 50 მძევალი ქალი და ბავშვი. ისრაელის საპატიმროები უნდა დატოვოს 150-მა პალესტინელმა ქალმა და არასრულწლოვანმა. ისინი ისრაელში სასჯელს იხდიან მასობრივ არეულობებში მონაწილეობისა და ისრაელის მოქალაქეებზე ცივი იარაღით თავდასხმის ბრალდებებით.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 22 ნოემბერს დაუჭირა მხარი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზის სექტორში 200-ზე მეტი მძევალია.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას.

თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების პუნქტებად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან ათეულობით პალესტინელი ქალის და არასრულწლოვანის გათავისუფლება და ღაზის სექტორში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევის პროცესში კატართან ერთად მონაწილეობდნენ ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატები.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG