Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი თანახმაა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ „ჰამასთან“ დროებით ზავზე


21 ნოემბერს თელ-ავივში გაიმართა მორიგი აქცია მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით
21 ნოემბერს თელ-ავივში გაიმართა მორიგი აქცია მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას. სანაცვლოდ პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა" მძევლების გათავისუფლება უნდა დაიწყოს.

ისრაელის მთავრობამ გადაწყვეტილება დღეს, 22 ნოემბერს, გამოაცხადა 6-საათიანი მწვავე განხილვის შემდეგ. ისრაელის მინისტრთა კაბინეტი „ჰამასთან“ დროებით ზავს ხმათა უმრავლესობით დაეთანხმა. ტელეკომპანია CNN-ის წყაროს ცნობით, წინააღმდეგი იყო მთავრობის მხოლოდ ორი წევრი, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი.

ისრაელის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს „ჰამასის“ მიერ სულ მცირე 50 ქალის და ბავშვის გათავისუფლებას. სანაცვლოდ ისრაელის არმია ღაზის სექტორში 4 დღით შეწყვეტს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას.

თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების კიდევ ერთ პირობად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან 150 პალესტინელის - ქალების და არასრულწლოვანების გათავისუფლება, ასევე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის და საწვავის შეტანა. ისრაელი ამ პუნქტების შესახებ ოფიციალურად არაფერს იუწყება.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას.

პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ისრაელის მთავრობა, არმია და უსაფრთხოების სამსახური განაგრძობენ ბრძოლას, რათა სახლში დააბრუნონ ყველა მძევალი, დაასრულონ „ჰამასის“ ლიკვიდაცია და უზრუნველყონ, რომ ისრაელის სახელმწიფოს ღაზიდან ახალი საფრთხე არ შეექმნას.

ისრაელისა და „ჰამასის“ მოლაპარაკებაში მთავარი შუამავლის მისიას კატარი ასრულებს. პირველი ცნობები, რომ შეთანხმება, პრაქტიკულად, მიღწეულია, 21 ნოემბერს გავრცელდა. დილით ჯერ „ჰამასმა“ გამოაქვეყნა თავისი ლიდერის, ისმაილ ჰანიას განცხადება, რომ შეთანხმებასთან ახლოს არიან, საღამოს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პროგრესი არის და მალე კარგ ახალ ამბებს ელოდებიან.

ისრაელის მონაცემებით, ღაზის სექტორში მძევლად იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.

XS
SM
MD
LG