ისრაელმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე. თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის თანახმად, ისრაელის არმია აკონტროლებს მთელ ტერიტორიას ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, განსაკუთრებით ქალაქ ღაზაში.
16 ნოემბერს, ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე გალანტმა განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადადიან. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ოპერაციის პირველ ეტაპზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზაში გაარღვია „ჰამასის“ თავდაცვის ხაზი და ბარიერები.
ისრაელის არმიის პრესმდივნის, ადმირალ დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ბოლო დღეებში დარტყმები განახორციელეს ორ მიწისქვეშა ობიექტზე, სადაც იმალებოდნენ „ჰამასის“ რამდენიმე სამხედრო მეთაური და უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. მათ შორის ჰაგარიმ დაასახელა ჩრდილოეთ ღაზის ბრიგადის და სარაკეტო ბრიგადის მეთაურები. რაც შეეხება დარტყმების შედეგებს, ჰაგარის თანახმად, ორივე ობიექტი მნიშვნელოვნად დააზიანეს.
ისრაელის არმიის ცნობითვე, ღაზის საავადმყოფოს, ალ-შიფის ტერიტორიაზე აღმოჩენილია „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი და იარაღის საწყობი. 16 ნოემბერს, ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გვირაბის შესასვლელს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზის უდიდესი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ოპერაცია 15 ნოემბერს დაიწყეს დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, რომ ალ-შიფის კომპლექსის ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი მდებარეობს. ამ ობიექტის არსებობას ადასტურებს ამერიკული დაზვერვაც.
შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამეთაურო ცენტრის არსებობას უარყოფს და ისრაელს ბრალს სდებს სიცრუის გავრცელებასა და ალ-შიფაში მყოფი პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და სხვა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ალ-შიფაში მისი ოპერაციის სამიზნეა მხოლოდ „ჰამასის“ ობიექტები და არ ეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, სამედიცინო პერსონალს და სხვა სამოქალაქო პირებს.
საავადმყოფოს დირექტორმა მოჰამად აბუ სალმიამ ისრაელის არმიის სამხედროები დაადანაშაულა კლინიკის ბლოკირებაში, საბოტაჟსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში. მან 16 ნოემბერს ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ უმძიმეს პირობებში ჰყავთ 650-ზე მეტი დაჭრილი, 36 დღენაკლული ჩვილი და 5000 დევნილი, რომლებმაც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების გამო თავი საავადმყოფოს შეაფარეს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის შეფასებით, ისრაელის მიერ გამოქვეყნებული ვიზუალური მასალა, რომელიც სამხედროების თანახმად, ასახავს ალ-შიფაში აღმოჩენილ იარაღს, არ არის საკმარისი საფუძველი, რომ საავადმყოფოს წაერთვას ომის კანონებით დაცული ობიექტის სტატუსი.
ისრაელის განცხადება ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ, სავარაუდოდ, ნიშნავს შეტევას სამხრეთზე, სადაც ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებული ასეულობით ათასი პალესტინელიც იმყოფება. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთისკენ ისრაელის არმიის გადაადგილება კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
- „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.