ოკუპირებული ზემო არცევის მიმდებარედ, ე.წ მესაზღვრეებმა 20 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე პაატა არაქელოვი. სოფელ ზემო არცევში რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზა მდებარეობს. ზემო არცევს ესაზღვრებიან გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ქვეში, ახრისი, ჯარიაშენი და აძვი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებისას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მცხოვრები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა საქართველოში მოქმედი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს.
მოლაპარაკებების შედეგად ახრისის მცხოვრების გათავისუფლება მალევე მოხერხდა. სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 5 მოქალაქეა. მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაგრძელდება.