ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდა გაფრთხილებით "სეპარატისტულ და დაყოფის გამომწვევ რიტორიკაზე" ბოსნია-ჰერცეგოვინაში და "მავნებლურ ჩარევაზე უცხოეთიდან", კერძოდ რუსეთიდან.
დასავლეთ ბალკანეთში ტურნეს დროს, რომელიც 20 ნოემბერს დაიწყო ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში, სტოლტენბერგმა თქვა, რომ მოკავშირეები "ძლიერად უჭერენ მხარს ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას". ეს განცხადება გაკეთდა მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ მოსკოვი ცდილობს რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რათა ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში თავის მიერ წარმოებული ომიდან.
მოსკოვის ჩარევა "ქმნის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის და რეფორმების შესუსტების საფრთხეს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სამი ათწლეულის წინ, ყოფილი იუგოსლავიის დაშლისას სამოქალაქო ომით გამოწვეული ნგრევის შემდეგ ბოსნია ცდილობს, გაუმკლავდეს ეთნიკური ნიშნით დაყოფას. ნატომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1992-95 წლების ბოსნიის ომის დასრულებაში და აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო გეგმის მიღწევაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა დაიყო სერბთა ერთეულად - რეპუბლიკა სრპსკად - და ბოსნიაკთა და ხორვატთა ფედერაციად, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს სუსტი ცენტრალური მთავრობა.
ნატოს ხელმძღვანელი 20 ნოემბერს, მოგვიანებით ჩავა კოსოვოში.