Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ვარლამ გოლეთიანი და საპროტესტო აქციაზე დაკავებული სხვა პირები


ვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. როგორც დაკავებულების ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და სასამართლო პროცესი გადადო.

ადვოკატის თქმით, აქციის მონაწილეების დაკავება იყო უკანონო, რადგან ისინი არ გასცდენიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს.

მოძრაობის, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეთა დაკავება დაშინების მცდელობაა, მაგრამ ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„გუშინდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისი, როცა ხელისუფლებას, სამინისტროს, პოლიციას, ყველას ერთად, არგუმენტი არ აქვს, როგორ მოქმედებ - პოლიციას ფარად იფარებს უსამართლობის დასაცავად. ნახეთ, რამდენად აგრესიულები იყვნენ. მე პირადად და სხვებსაც ბრალში გვიწერია, თითქოს ჩვენ ვაგინებდით პოლიციას. პროცესი შებრუნებულია - პირიქით ხდებოდა ეს ყველაფერი. ვნახეთ დაკავების მომენტი რამდენად აგრესიული იყო: მანქანაში ჩატენვა და ყველა კომპონენტი. ესეც, ვფიქრობთ, დაშინების მეთოდი და მცდელობაა, რომ მიმდინარე პროტესტი განეიტრალდეს. მიმდინარე პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, დავბრუნდებით ჩვენ პროტესტის ადგილზე. ერთი სათხოვარი მაქვს საზოგადოებისთვის: იქნებ მოვახერხოთ გაერთიანება იმდენად, რომ ეს სამართლიანი ბრძოლა და პროტესტი ბოლომდე მივიყვანოთ, ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, იმ მაგალითის სახით, რაც გუშინ და დღეს ხდება, რომ ჩაახშოს პოლიციური მიდგომით სამართლიანი პროცესი, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. ჩვენი კანონიერი უფლებაა, რომ კარავი დავდგათ. კანონში პირდაპირ წერია, ამის აკრძალვის უფლება არავის აქვს, არათუ კარვის დადგმაზე, ზოგადად მოთხოვნაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

9 პირის სასამართლო პროცესი მტკიცებულებებისა და მოწმეების გამოკვლევით 29 ნოემბერს გაგრძელდება, ხოლო კიდევ სამი პირის სასამართლო 30 ნოემბერს გაიმართება. მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა.

18 ნოემბერს გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 11 პირი, რომელთა შორის იყო მოძრაობის, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის”, ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაუქმდეს 2022 წელს გაცემული ლიცენზია, რომლის მიხედვითაც, მათივე თქმით, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა.

შს სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 პირი.

XS
SM
MD
LG