ისრაელის არმიამ დღეს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედარი იპოვეს ღაზის საავადმყოფო ალ-შიფის მომიჯნავე ნაგებობაში. ისრაელის არმიის თანახმად, ნოა მარჩიანო „ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს და მოკლეს“. ამ კვირის დასაწყისში „ჰამასმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანდა მარჩიანოს ცხედარი და განაცხადა, რომ მძევალი ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.
ნოა მარჩიანო იყო იმ 200-ზე მეტ მძევალს შორის, რომლებიც რადიკალური ისლამისტური მოძრაობის წევრებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას დაატყვევეს.
16 ნოემბერს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ საავადმყოფო ალ-შიფასთან ნაპოვნია „ჰამასის“ მძევლის, 65 წლის იეგუდიტ ვაისის ცხედარიც. ისრაელის და „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია.
ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზის უდიდესი საავადმყოფოს, ალ-შიფის ტერიტორიაზე ოპერაცია 15 ნოემბერს დაიწყეს დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, რომ საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი მდებარეობს. ამ ობიექტის არსებობა დაადასტურა ამერიკულმა დაზვერვამაც. სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ჰამასი“ მძევლებს შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე მალავს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 16 ნოემბერს ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მძევლები იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისრაელის არმიამ საავადმყოფოს ტერიტორიაზე ოპერაცია დაიწყო. ნეთანიაჰუს ინფორმაციით, როცა სამხედროები ალ-შიფაში შევიდნენ, იქ მძევლები აღარ დახვდათ.
შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამეთაურო ცენტრის არსებობას უარყოფს და ისრაელს ბრალს სდებს სიცრუის გავრცელებასა და ალ-შიფაში მყოფი პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და სხვა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ალ-შიფაში მისი ოპერაციის სამიზნეა მხოლოდ „ჰამასის“ ობიექტები და არ ეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, სამედიცინო პერსონალს და სხვა სამოქალაქო პირებს.
საავადმყოფოს დირექტორმა მოჰამად აბუ სალმიამ ისრაელის არმიის სამხედროები დაადანაშაულა კლინიკის ბლოკირებაში, საბოტაჟსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში. მან 16 ნოემბერს ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ უმძიმეს პირობებში ჰყავთ 650-ზე მეტი დაჭრილი, 36 დღენაკლული ჩვილი და 5000 დევნილი, რომლებმაც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების გამო თავი საავადმყოფოს შეაფარეს.
ისრაელის არმიამ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ ალ-შიფის ტერიტორიაზე აღმოჩენილია „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი, იარაღის საწყობი და მიწისქვეშა გვირაბის შესასვლელი. ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავს საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ამ ობიექტებს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის შეფასებით, ისრაელის მიერ გამოქვეყნებული ვიზუალური მასალა არ არის საკმარისი საფუძველი, რომ საავადმყოფო ალ-შიფას წაერთვას ომის კანონებით დაცული ობიექტის სტატუსი.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
- „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.