თბილისში, სამების ტაძარში, გაიმართა 1990-იან წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა" და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოასვენეს 1990-იან წლებში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 20 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 14 მებრძოლის და 6 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტები.
5 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, 15 პირი კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 2010 წელს, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ჩართულობით ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ (მათგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - ცხინვალის რეგიონში 90-იან წლებსა და 2008 წელს წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს), სულ მოძიებულია 601 ნეშტი. მათგან 263 ოჯახებს უკვე გადაეცათ.
2029 სამხედრო და სამოქალაქო პირი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის მუშაობას განაგრძობს ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი.