Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სასაფლაოზე რომ წაგვეღო, ჩვენც იქვე მიგვაკლავდნენ“ - ახლობლები აფხაზეთიდან გადმოსვენებულებს იხსენებენ 


აფხაზეთის ომის დროს დაღუპულ 11 ადამიანს სამებაში პანაშვიდი გადაუხადეს. მათი ნეშტები სახელმწიფომ კვლავ წითელი ჯვრის დახმარებით მოიძია და გადმოასვენა. დაღუპულთაგან 8 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ოთარ გაგუა სოხუმში ცხოვრობდა, იბრძოდა ცხინვალის რეგიონში და შემდეგ აფხაზეთშიც. დაიღუპა 1993 წლის 21 სექტემბერს, 35 წლის.

ის სოხუმში, კურჩენკოს სახელობის ბაღში დაკრძალეს. ომის პერიოდში აქ ხშირად კრძალავდნენ გარდაცვლილებს, ბრძოლების გამო ხალხი სასაფლაომდე ვერ მიდიოდა.

„ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბატალიონის მეთაური იყო სოხუმში. თამარის ხიდის ზევით, მთებში იბრძოდნენ. როცა ვასაფლავებდით, ბიჭებმა სალუტი მისცეს. თურმე მტერი ახლოს ყოფილა, გაიგეს და ჩვენი მიმართულებით დაიწყეს სროლა, კვიპაროსების ფოთლები დაგვაცვივდა თავზე. იქ უპატრონოდ რომ არ ყოფილიყო, წითელ ჯვარს ვთხოვეთ, მოეძებნათ საფლავი. ცინკის კუბოთი იყო დამარხული და ცინკი ადვილად იპოვა ხელსაწყომ“, - ჰყვება არსენ გაგუა, ოთარის ბიძაშვილი.

ხვიჩა დეკანოსიძე ჯარში 19 წლის გაიწვიეს. ერთ წელიწადში ომი დაიწყო და აფხაზეთში წავიდა. 30 წლის შემდეგ მისი საფლავი აფხაზეთის ნაცვლად თბილისში იპოვეს. წითელი ჯვარი ნეშტების მოსაძებნად სამარხებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხსნის, იმ ადგილებში, სადაც არსებობს ეჭვი, რომ იქ შესაძლოა კონფლიქტის შედეგად დაღუპული ადამიანი იყოს დასაფლავებული.

„როგორ დაიღუპა, მეც არ ვიცი. 30 წლის შემდეგ, ახლა გავიგე, რომ გარდაცვლილი ყოფილა, დღემდე არ გვჯეროდა. მამა შეეწირა ამ ამბავს. რომ დაიკარგა, ვეძებდით. ომის დროს ბიძაჩემი სოხუმში ჩავიდა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. მამაჩემი მორგში დაიბარეს ამოსაცნობად, იქაც არაფერი. ახლა გავიგეთ, რომ თავის ქალა ჰქონია ახდილი, ალბათ ამიტომ გაუჭირდათ ამოცნობა. წითელი ჯვრის საშუალებით დნმ ანალიზი გაკეთდა და ასე ვიპოვეთ. თურმე ომი რომ დამთავრდა, მაშინვე გადმოუსვენებიათ თბილისში, მაგრამ რომ ვერ ამოიცნო ვერავინ, როგორც უცნობი ისე დამარხეს“, - ამბობს ხვიჩას და მარიამ დეკანოსიძე.

ბორის ბერულავა აფხაზეთში, გულირიფშის რაიონის სოფელ ვლადიმეროვკაში ცხოვრობდა, 33 წლის იყო, როცა ომში დაიღუპა.

„ვიცოდით, რომ სოფელ ფშაფში დაიღუპა. ნახევარი წლის მერე ვიპოვეთ საფლავი და ჩვენს სოფელში დავმარხეთ, ახლა კი თბილისში გადმოვასვენეთ.

ჩვენ ალყაში მოვხვდით ოჯახი, ტყვიები დაგვიშინეს და სიმინდის ყანაში გავიფანტეთ ყველანი. ამის მერე ჩემი ძმა არ მინახავს“, - ამბობს ბორისის და ფოთოლა ბერულავა.

იური მაჭარაშვილი სოხუმში, სუბტროპიკულ ინსტიტუტთან ცხოვრობდა. იქვე დაიღუპა და იქვე დაასაფლავეს, მაშინ 38 წლის იყო.

ასეთი თბილი და ტკბილი კაცი საერთოდ არ შემხვედრია. ზოგი მიატოვებდა ყველაფერს და გაიქცეოდა. ეს არ გაიქცა, მე რას მერჩიანო. გვარდიელები იყვნენ ინსტიტუტში და მათ ემსახურებოდა. თვითონაც იქ მუშაობდა. არ იბრძოდა, მაგრამ როგორც კი დაინახეს, მაშინვე ესროლეს.

რომ გადმოასვენეს, სუბტროპიკული ინსტიტუტის გასაღებები თან ჰქონდა, ალბათ ჯიბეში ედო“, - ამბობს მისი ახლობელი.

რევაზ კვარაცხელია და ვახტანგ ხოჯანაშვილი გაგრის აღებისას, 1992 წლის 2 ოქტომბერს დაიღუპნენ. მათი ცხედრები ნაცნობმა ჩუმად მოუტანა ახლობლებს. სასაფლაოზე წასვლა საშიში იყო, ეზოებში დამარხეს.

რევაზ კვარაცხელია
რევაზ კვარაცხელია

„რევაზი ჩემი მეუღლეა და ვახტანგი ბიძაშვილის მეუღლე. სასაფლაოზე რომ წაგვეღო, ჩვენც იქვე მიგვაკლავდნენ. მაშინ შიშისგან ისე დავიბენი, რა ჩავაყოლოთო რომ მკითხეს, ტანსაცმელი რათ უნდათ-მეთქი. წითელმა ჯვარმა აღწერილობა რომ მომთხოვა, რა იყო ჩატანებული, ისიც ვერ ვუთხარი. ახლა სურათები ვნახე და შავი პერანგი ვიცანი, საფულე, ჯაყვა, დანარჩენი დაფლეთილია“, - ამბობს რიტა ბოჯგუა, რამაზ კვარაცხელიას მეუღლე.

რიტა ახლობლებთან ერთად აფხაზეთში კიდევ ერთი წელი დარჩა. იმედი ჰქონდათ, რომ ომი დამთავრდებოდა. სანამ იქ იყო, მანდარინების უკან დამარხული მეუღლის საფლავს ყოველდღე აკითხავდა.

ძაღლი ყველას გვასწრებდა. შავი ძაღლი გვყავდა, რექსა. გამოვიდოდით დილით და ის უკვე საფლავზე იწვა. მერე ჩემს სახლშიც და ვახტანგის სახლშიც აფხაზები შევიდნენ. ვახტანგი სადღაც სახლის უკან გადაუსვენებიათ, უშლიდათ ალბათ. ჩემი ქმრის საფლავი ისევ იქ იყო. წითელი ჯვარი რომ მივიდა, საფლავზე სუფთა ჭიქა უნახავთ. ახლა ვინც ცხოვრობს ჩვენს სახლში, იმას უთქვამს, ისეთი კარგი კაცი ყოფილა, შესანდობარს ვეუბნებით ხოლმეო. ისე გამიხარდა, მადლობა შევუთვალე სხვების პირით“.

ნუგზარ თუთისანი სოხუმში ცხოვრობდა, 62 წლის იყო. ომის დროს აფხაზეთი არ დაუტოვებია, არ იბრძოდა და ვერ იფიქრა, რომ ამას ომში დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ყველას ასე გვეგონა, რომ ბავშვს, ქალს, ასაკოვანს არ შეეხებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში არავინ დაუნდვიათ. შემოვიდნენ და ადგილზე დახვრიტეს, ქართველი რომ იყო, მხოლოდ იმიტომ. სომეხმა ნათესავებმა დაასაფლავეს ეზოში.

ოჯახის კაცი იყო, შვილიშვილებზე გადაყოლილი, ყურადღებიანი. ბაზარში რომ წავიდოდა, რომ გავეხარებინე, რაღაცას ჩემთვისაც წამოიღებდა. აი, ეს შენო, მომცემდა“, - იხსენებს მისი რძალი ნათია შენგელია.

11 დაღუპულიდან 3 მებრძოლი 8 დეკემბერს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. წითელი ჯვრის ინფორმაციით, ოთხმოცდაათიანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2300-ზე მეტი ადამიანი. წითელმა ჯვარმა მოიძია 600-ზე მეტი ნეშტი, აქედან ამოიცნეს და ოჯახს გადასცეს 230 ცხედარი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG