Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზი, შოკი და მცირე იმედი. „ჰამასთან“ ომი არაბული სამყაროს თვალით


პალესტინელი გამოხატავს პროტესტს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ. რამალა, იორდანეს დასავლეთი ნაპირი. 7 ნოემბერი, 2023 წელი.
პალესტინელი გამოხატავს პროტესტს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ. რამალა, იორდანეს დასავლეთი ნაპირი. 7 ნოემბერი, 2023 წელი.

მუსლიმანური სამყარო, განსაკუთრებით არაბული, ბრაზს არ მალავს და წყევლას უგზავნის ისრაელს ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმებისა და იქ სახმელეთო ოპერაციის გამო, რომელიც მოჰყვა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებში ტერორისტულად მიჩნეული რადიკალურ-ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ წევრების ისრაელზე თავდასხმას 7 ნოემბერს.

ამ სტატიაში კატარის უნივერსიტეტის სპარსეთის ყურის ქვეყნების კვლევის ცენტრის ასოცირებული პროფესორ, ნიკოლაი კოჟანოვთან ერთად ვეცდებით ვუპასუხოთ კითხვებს:

  • როგორ ჩაივლის ეს ბრაზისა და პროტესტის ტალღა თვით არაბული სამყაროსთვის?
  • როგორ ხედავს დღევანდელ ვითარებას რიგითი არაბი და როგორ აშუქებს მას მედია ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად, „ალ-ჯაზირა“?
  • იქნებ, საბოლოოდ უნდა დავივიწყოთ ისრაელსა და ზოგიერთ არაბულ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოგვარების დაწყება?

7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეიარაღებული წევრების თავდასხმას ისრაელზე, სულ მცირე, 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240 პირი მძევლად აიყვანა და გაიტაცა რადიკალურმა დაჯგუფებამ.

ისრაელის პასუხი „ჰამასის“ თავდასხმაზე დაუნდობელი გამოდგა. პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს, ღაზაში ისრაელის დაბომბვების შედეგად 11 ათასი ადამიანია მოკლული, მათგან ორი მესამედი ბავშვები და ქალები არიან. დაშავებულია 27 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.

ამ მონაცემების დამოუკიდებლად დადასტურება ვერ ხერხდება. ისრაელი ამტკიცებს, რომ მხოლოდ „ჰამასის“ ობიექტებს ურტყამს, რომლებიც ხშირად საცხოვრებელ სახლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, სიახლოვესაა.

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ბრძოლების დროს დაღუპულია, სულ მცირე, 40 ჟურნალისტი.

არაბული ქვეყნები ბრაზის იზრდება და ძლიერდება მათი მოწოდებაც აშშ-ისადმი, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა.

სხვა შემთხვევაში, როგორც არაბული ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, ირღვევა მთელი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების სისტემა.

ამ დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებს.

ღაზის სექტორის მოსახლეობისადმი სოლიდარობის აქცია ომანის დედაქალაქ მასკატეში. 31 ოქტომბერი, 2023 წელი
ღაზის სექტორის მოსახლეობისადმი სოლიდარობის აქცია ომანის დედაქალაქ მასკატეში. 31 ოქტომბერი, 2023 წელი

ისრაელის ოფიციალურ პირებს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მათი სამხედრო კამპანიის მიზანია სრულად მოსპოს „ჰამასი“, რომელსაც ათიათასობით მებრძოლი ჰყავს ღაზის სექტორში.

არაბი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი მიზანი არა მხოლოდ მისაღწევად შეუძლებელი, არამედ კონტრპროდუქტიულია , რადგან მას უფრო დიდი ძალადობა მოჰყვება.

ღაზის სექტორში გრძელდება მძაფრი ბრძოლები. ბოლო დღეებში ისრაელის არმიის მიერ შექმნილი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ღაზის სექტორი კიდევ ასი ათასამდე ადამიანმა დატოვა და სამხრეთს მიაშურა.

ხალხი ცდილობს დანგრეულ სახლში დაღუპული ოჯახის პოვნას ისრაელის თავდასხმის შემდეგ. ცენტრალური გაზა, 17 ოქტომბერი, 2023.
ხალხი ცდილობს დანგრეულ სახლში დაღუპული ოჯახის პოვნას ისრაელის თავდასხმის შემდეგ. ცენტრალური გაზა, 17 ოქტომბერი, 2023.

ღაზის სექტორში საკვები, საწვავი, სასმელი წყალი და მედიკამენტები სულ უფრო მწვავე დეფიციტი ხდება.

გაეროს მონაცემებით, სულ მცირე, 1,4 მილიონი ადამიანი (სექტორის მოსახლეობის ნახევარზე მეტი) უკვე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი.

ღაზის სექტორის თითქმის 700 ათასმა მცხოვრებმა თავი შეაფარა შენობებს, რომლებსაც განაგებს გაეროს ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო (UNRWA).

გაერო აცხადებს, რომ ქალაქ ღაზაში პალესტინელი ლტოლვილების თავშესაფრებში იქ ადგილების რაოდენობაზე ოთხჯერ მეტი ადამიანია.

ათიათასობით სხვა ღაზელმა საავადმყოფოში მოძებნა თავშესაფარი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის 35 საავადმყოფოდან მესამედზე მეტი აღარ ფუნქციონირებს და მათ, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, ენერგიის - გენერატორებისთვის ასე საჭირო - საწვავის და მედიკამენტების სერიოზული დეფიციტი აქვთ.

ხალხი შეკრებილია ალ-შიფას საავადმყოფოსთან, ქალაქ ღაზაში. 10 ნოემბერი, 2023 წელი
ხალხი შეკრებილია ალ-შიფას საავადმყოფოსთან, ქალაქ ღაზაში. 10 ნოემბერი, 2023 წელი

ვაშინგტონი იტყობინებოდა, რომ ისრაელი დათანხმდა ოთხსაათიანი დერეფნების შექმნას, რათა ჩრდილოეთის არეალის მოსახლეობამ სამხრეთში გადასვლა მოახერხოს. ისრაელის სამხედროები ამავე დროს ამბობენ, რომ ეს შეთანხმება სულაც არ ნიშნავს ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტასაც კი.

არაერთი ცნობა იყო იმის შესახებ გავრცელებული, რომ ამგვარი პაუზების დროს „ჰამასი“ თვითონ უშენს ცეცხლს საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას, რათა შემდეგ ისრაელის არმია დაადანაშაულოს.

იემენელ მუსლიმებს პარასკევის ლოცვის დროს პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად პალესტინური დროშები უჭირავთ ხელში. ჰუტის მომხრეთა კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქი სანა. 27 ოქტომბერი, 2023 წელი
იემენელ მუსლიმებს პარასკევის ლოცვის დროს პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად პალესტინური დროშები უჭირავთ ხელში. ჰუტის მომხრეთა კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქი სანა. 27 ოქტომბერი, 2023 წელი

„ჰამასის“ დაჯგუფება აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელის, აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების, კანადის, იაპონიის, ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ქვეყნისა და საერთაშორისო სტრუქტურების მიერ. ჰამასი აკრძალულია ღაზის მეზობელ იორდანიასა და ეგვიპტეში.

ამავე დროს, რუსეთი, ჩინეთი, ნორვეგია, თურქეთი, კატარი და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის თითქმის ყველა ქვეყანა „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს.

ზოგიერთი სახელმწიფო ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს მხოლოდ „ჰამასის“ სამხედრო ფრთას, ე.წ. იზ ად-დინ ალ-ყასამს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ ნათლად გამოხატა ვაშინგტონის პოზიცია და თქვა, რომ ღაზის სექტორი ომის დასრულების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს პალესტინის ეროვნული ხელისუფლების მმართველობას, რომელიც დაპირისპირებულია „ჰამასთან“ და რომელსაც სათავეში უდგას მაჰმუდ აბასი.

ეს ხელისუფლება 2007 წლიდან აკონტროლებდა მხოლოდ იორდანეს დასავლეთ ნაპირს.

რას აპირებს თავად ისრაელი ღაზის სექტორის გარშემო, ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის.

დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი ღაზის სექტორში შესაძლოა მალე მნიშვნელოვნად გაიზარდოს, თუ ისრაელის თავდაცვის ძალები დაიწყებენ სრულმასშტაბიან სახმელეთო სამხედრო ოპერაციას ქუჩებისა და ძალიან მჭიდროდ მდგარი შენობების გაუთავებელ ლაბირინთში, სადაც „ჰამასის“ ძირითადი ცენტრები და ბაზებია.

ეს შეიძლება იყოს დაუნდობელი, ზეინტენსიური ომი ქალაქში - „ჰამასის“ ტერიტორიაზე, სადაც მას გაყვანილი აქვს ასობით კილომეტრის სიგრძის საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბები, საიდანაც ისინი მუდმივად ჩაუსაფრდებიან ისრაელის არმიის ქვედანაყოფებს.

ბევრს აინტერესებს, როგორ იმოქმედებს ისრაელის არმია, როდესაც მიაღწევს ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოებს, რომელთა მიღმა, ისრაელის სამხედროების აზრით, იმალება „ჰამასის“ სამხედრო სარდლობის შტაბბინა.

11 და 12 ნოემბერს საუდის არაბეთმა მოაწყო არაბულ-მუსლიმური სამიტი, საგანგებო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს შექმნილი ვითარება ღაზის სექტორში.

შეხვედრის მთავარი სტუმარი იყო ისრაელის დაუძინებელი მტერი, „ჰამასის“ მფარველის და დონორის, ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი.

ირანმა ახლახან აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა საუდის არაბეთთან.

ერ-რიადში ჩავიდა ასევე თურქეთის პრეზიდენტი, ისრაელის მიმართ მძაფრად კრიტიკული რეჯეპ ტაიპ ერდოანი, მიწვეული იყო ასევე ისრაელთან ოფიციალურად საომარ ურთიერთობაში მყოფი სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, და სხვა ლიდერები.

არაბული და სხვა მუსლიმური ქვეყნები 11 ნოემბერს გამოვიდნენ მოწოდებით, დაუყოვნებლივ დასრულდეს ღაზაში სამხედრო ოპერაცია.

ისინი არ ეთანხმებიან ისრაელის არგუმენტს, რომ პალესტინელთა წინააღმდეგ მისი ქმედებები თავდაცვას წარმოადგენს.

ერ-რიადში გამართული ისლამური-არაბული სამიტის მონაწილეებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდეს, გამოიძიოს „ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, რომლებსაც ისრაელი სჩადის“, - ვკითხულობთ შეხვედრის საბოლოო დოკუმენტში.

ყველას აინტერესებდა, რას მოიმოქმედებს ეგვიპტე, ღაზის სექტორის უშუალო მეზობელი.

The Wall Street Journal-ი წერდა, ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდელ ფატაჰ ალ-სისი ახლახან შეხვდა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს - CIA-ს დირექტორს უილიამ ბერნსს - და უარყო მისი შეთავაზება, ეკისრა ღაზის სექტორის („ჰამასის“ სამომავლო, ჰიპოთეტური განადგურების შემდეგ) მართვა დროებით, მანამდე, სანამ პალესტინის ეროვნული ხელისუფლება იქ ძალაუფლებას აღიდგენდა.

როგორც ბრიტანული Telegraph-ი აღნიშნავს, თავისი 106 მილიონზე მეტი მოსახლეობის მძლავრი პროპალესტინური განწყობის გამო, ალ-სისი ვერასოდეს გადადგამს ასეთ ნაბიჯს, რადგან ეს ისრაელის დახმარებად იქნება აღქმული.

ეგვიპტის მთავრობას, რომელიც ებრძვის მძიმე ეკონომიკურ კრიზისს და მარცვლეულისა და პურის შესამჩნევ დეფიციტს (უკრაინაში ომის გამო), აჯანყების ეშინია: ცოტა ხნის წინ, პროპალესტინელთა ნებადართული დემონსტრაციების დროს, ეგვიპტელები გამოვიდნენ კაიროს ტაჰრირის მოედანზე და „არაბული გაზაფხულის“ დროინდელ ლოზუნგებს გაიძახოდნენ.

ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის კარიბჭეზე ლტოლვილები გადიან. 2023 წლის 1 ნოემბერი
ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის კარიბჭეზე ლტოლვილები გადიან. 2023 წლის 1 ნოემბერი

ალ-სისის არ სურს მიიღოს 2 მილიონი ლტოლვილი ღაზის სექტორიდან სინაის ნახევარკუნძულზე და შიშობს, რომ იქიდან პალესტინელები ძალით შევლენ ეგვიპტეში. მათი ჯარის დახმარებით უკუგდება კი კვლავ გამოიწვევს აღშფოთებას ეგვიპტის საზოგადოებაში.

სინაის ნახევარკუნძულზე რამდენიმე წელია გრძელდება შეტაკებები ეგვიპტის უშიშროების ძალებსა და ადგილობრივ ბედუინთა ტომებს შორის, რომელთა უმეტესობა კვლავ მხარს უჭერს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ და რომელსაც შესაძლოა მალე შეუერთდეს ათიათასობით „ჰამასელი“.

ეგვიპტის მმართველი შიშობს, რომ „ჰამასის“ მებრძოლები განათავსებენ ბაზებს სინაიზე, რათა იქიდან ისრაელზე მიიტანონ იერიში, რასაც ისრაელის არმიის მოსალოდნელი პასუხი მოჰყვება.

კატარის უნივერსიტეტის სპარსეთის ყურის ქვეყნების კვლევის ცენტრის ასოცირებული პროფესორი, ნიკოლაი კოჟანოვი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს დედაქალაქ დოჰაში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განიხილავს, რა შეიძლება მოხდეს ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში:

რადიო თავისუფლება: არსებობს თუ არა განცდა, რომ არაბულ სამყაროში ისრაელის საპასუხო მოქმედებების გამო ღაზის სექტორში სიბრაზის ტალღა მხოლოდ გაიზრდება და შეიძლება უკონტროლო გახდეს მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ეს ომი?

ნიკოლაი კოჟანოვი: ჯერ კიდევ ძნელია ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს რაღაც დიდში. რასაც ვხედავთ, რაც უშუალოდ ახლო აღმოსავლეთში ხდება, ჯერ კიდევ ძველ ფორმებშია.

არის ზოგადი „არაბული ქუჩა“, რომელიც, რა თქმა უნდა, მძვინვარებს. და არიან არაბულ ქვეყნებში ხელისუფლებები, რომლებიც იძულებული არიან მოუსმინონ ქუჩის აზრს, თუმცა, დიდწილად, ისინი შოკირებული იყვნენ თავდასხმით, რომელიც განახორციელა „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელში.

ასე რომ, არაბული სახელმწიფოები კვლავ საფრთხეს უქმნიან ისრაელს, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ჯერ არაფერი გადაუწყვეტიათ.

ასოციაციები უკავშირდება ორ ისტორიულ მოვლენას. ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს ახალი „გასროლა სარაევოში“, როდესაც ბოლო დრომდე არავის სჯეროდა მსოფლიო ომის, მაგრამ ყველა მხარემ ნელ-ნელა გაზარდა ფსონები.

მაგრამ რაც მოხდა, კიდევ უფრო მოგვაგონებს „2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გავლენას ახლო აღმოსავლეთზე“. ისრაელის სახელმწიფოს არსებობას თითქოს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ 2023 წლის 7 ოქტომბერი იქცა საშინელ ეტაპად, გარდამტეხ მომენტად, რომლისთვისაც ისრაელს არ შეეძლო პასუხი არ გაეცა. შემდეგ ისრაელის მთავრობამ მიიღო არაერთი საბედისწერო გადაწყვეტილება.

რადიო თავისუფლება: რამდენად სტიქიურია მთელი ეს პროტესტი, მიტინგები და მოწოდებები ისრაელის აღსასრულისკენ? რამდენად არის ეს „არაბული ქუჩის“ გულწრფელი შინაგანი იმპულსი (მას სხვაგვარადაც შეიძლება ვუწოდოთ) და რამდენად არის ისინი ზემოდან ორგანიზებული ზოგიერთი არაბული ქვეყნის ხელისუფლების მიერ? და აკონტროლებენ თუ არა ისინი ვითარებას?

ნიკოლაი კოჟანოვი: იმის გათვალისწინებით, რომ არაბული ქვეყნების უმეტესობას აქვს საკმაოდ ხისტი შიდაპოლიტიკური სისტემები და „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ შეუძლიათ შიდა სიტუაციის კონტროლი, ჯერ არ უნდა ველოდოთ, რომ ეს პროტესტი გასცდება რაღაც მართვადს.

რაც შეეხება მათ ბუნებრიობას, ის სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია განწყობების შესაბამისად. რა თქმა უნდა, „არაბული ქუჩის“ იმ ნაწილის პოტენციალი, რომელიც მხარს უჭერს პალესტინელებს და გულწრფელად აწუხებს, რაც ახლა ღაზის სექტორში ხდება, დიდია.

მაგალითად, სპარსეთის ყურის იმავე რეგიონში ცხოვრობს პალესტინელი ლტოლვილების დიდი რაოდენობა, რომლებიც იქ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჩადიოდნენ. ისინი ჩართულნი არიან ადგილობრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში (მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეობა არ მიუღიათ) და ეს ბუნებრივად ქმნის სიძულვილის განწყობას ისრაელისა და იმის მიმართ, რასაც ის ახლა ღაზაში აკეთებს.

მიუხედავად სპარსეთის ყურის იმავე არაბული მონარქიების ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური თამაშისა, მათ უნდა მოუსმინონ საკუთარ მოსახლეობას, რომელიც, პრინციპში, გულის სიღრმეში, ყოველთვის უარყოფითად იყო განწყობილი ისრაელის მიმართ.

კუვეიტის მოქალაქეს ხელში უჭირავს გასაღები, რაც განასახიერებს პალესტინელების მიერ თავიანთი მიწის დატოვებას 1948 წელს. ელ-კუვეიტი, პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის მიტინგი. 3 ნოემბერი, 2023 წელი
კუვეიტის მოქალაქეს ხელში უჭირავს გასაღები, რაც განასახიერებს პალესტინელების მიერ თავიანთი მიწის დატოვებას 1948 წელს. ელ-კუვეიტი, პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის მიტინგი. 3 ნოემბერი, 2023 წელი

რაც, თუმცა, არ გვიშლის ხელს, აღვნიშნოთ ერთი „მაგრამ“: ბოლოს და ბოლოს, ეს ყბადაღებული „არაბული ქუჩა“ ბოლომდე ერთიანი არ არის. მისი ნაწილი უკვე ჩამოშორდა პალესტინის პრობლემას - დაიღალა ამით. მაგრამ ძალადობის ამჟამინდელმა ზრდამ ეს საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია.

ჩვენ რომ გაგვეგრძელებინა ცხოვრება არაბთა მონარქიებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების თანდათანობითი გაუმჯობესების მშვენიერ დროში, რომელიც გაგრძელდა 2023 წლის ოქტომბრამდე, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ პალესტინის პრობლემა უბრალოდ მთლიანად გამქრალიყო დღის წესრიგიდან მთელ რიგ ქვეყნებში.

რადიო თავისუფლება: ჩვენს დროში საინფორმაციო ომში გამარჯვება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე უშუალოდ ბრძოლის ველზე. როგორ ფიქრობთ, ისრაელი აგებს საინფორმაციო ომს?

ნიკოლაი კოჟანოვი: ძნელია მთელი მსოფლიოს სახელით ლაპარაკი, ისრაელის არსებობის აღქმა განსხვავდება სახელმწიფოდან სახელმწიფოში. მაგრამ თუ ავიღებთ „გლობალურ სამხრეთს“, მაშინ, დიახ, ისრაელებისთვის ეს შანსი დიდწილად დაკარგულია.

როდესაც მოხდა 7 ოქტომბრის მოვლენები, როდესაც, მართლაც, დავინახეთ „ჰამასის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ისრაელის დასახლებებზე თავდასხმების დროს ჩადენილი საშინელი სისასტიკის მთელი სერია, გავხდით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულების მოწმე, რამაც არაბულ სამყაროში შოკი ბევრს მოჰგვარა.

ამ ეტაპზე ისრაელს შეეძლო საინფორმაციო ომის მოგებაც. არაბული სამყაროს, მათ შორის სპარსეთის ყურის მონარქიების ლიდერების პირველი რეაქცია აშკარად დაგმობა იყო. მაგრამ ისრაელის შემდგომმა პასუხმა, რის შედეგადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება თავად ღაზაში და როდესაც ეს ყველაფერი უფრო აქტიურად გადაიცემა ისეთი ძლიერი მედიარესურსებით, როგორიც არის „ალ-ჯაზირა“ - ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, შეცვალა სიტუაცია არა ისრაელის სასარგებლოდ.

ახალი ამბები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ინტერნეტში, ტელევიზიაში და ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რა თქმა უნდა, ისრაელელებს ცუდად წარმოადგენს. იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც თანაუგრძნობს ისრაელს ამ „გლობალურ სამხრეთში“, და განსაკუთრებით მათი, ვისაც შეუძლია გამოხატოს რაიმე სახის სიმპათია ისრაელის მიმართ და გაამართლოს მისი ქმედებები, სწრაფად მცირდება.

რადიო თავისუფლება: რამდენად დიდია ახლა წამყვანი არაბული მედიის, როგორიცაა „ალ-ჯაზირა“ ან „ალ-არაბია“, როლი ამ კონფლიქტის გაშუქებაში? მოქმედებენ თუ არა ისინი აგრესიულად, აღვივებენ ემოციებს? ბოლო ათი წლის განმავლობაში, სხვათა შორის, „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ, პოლიტიკურ მეცნიერებაში ასეთი ტერმინიც კი გამოჩნდა - „ალ-ჯაზირას ეფექტი“.

ნიკოლაი კოჟანოვი: ჩვენ, პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები, ხშირად გარკვეული ფენომენების როლს ვაზვიადებთ.

დიახ, ყოველთვის არსებობდა ლამაზი მითი „ალ-ჯაზირას“ გარშემო მისი ყოვლისშემძლეობის შესახებ. ეს მართლაც ძალიან გავლენიანი მედიაკორპორაციაა და, მეტიც, მის პროდუქტს „გლობალურ სამხრეთში" უყურებენ, კითხულობენ და აღიქვამენ ბევრად უფრო და უფრო აქტიურად, ვიდრე დასავლური სატელევიზიო არხებისა და საინფორმაციო სააგენტოების პროდუქციას.

და, სხვათა შორის, უფრო მეტადაც, ვიდრე რუსეთის ტელეარხს „რუსეთი დღეს“, რომელიც ასევე აქტიურია ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ „ალ-ჯაზირა“ და „ალ-არაბია“ რეგიონის მცხოვრებლებისთვის ახალი ამბების ერთადერთი წყაროა.

„დიდი ახლო აღმოსავლეთის“ ახალგაზრდა მოსახლეობა ბევრად უფრო ორიენტირებულია სოციალურ მედიაზე, TikTok-ზესა და X-ზე, ვიდრე ტელევიზორსა ან თუნდაც ვებსაიტებზე.

დემონსტრაცია კაიროს ცენტრში. 2023 წლის 28 ოქტომბერი
დემონსტრაცია კაიროს ცენტრში. 2023 წლის 28 ოქტომბერი

რადიო თავისუფლება: თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა არაბი ლიდერისა და მთავრობის, სხვადასხვა საზოგადოების დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც დღეს ხდება, არ არის მსგავსი, რომ არსებობს ნიუანსები. რაში ჩანს ეს?

ნიკოლაი კოჟანოვი: ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღიქმება პალესტინელი ლტოლვილების პრობლემა სხვადასხვა ქვეყანაში და როგორი ურთიერთობა აქვთ არაბულ სახელმწიფოებს „ჰამასთან“.

მაგალითად, ეგვიპტის მთავრობა, რომელიც სავსებით სამართლიანად თვლის, რომ „ჰამასი“ არის „მუსლიმთა საძმოს“ მოძრაობის განშტოება, რომელთანაც კაიროს მტრული ურთიერთობა აქვს, ბუნებრივია, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილო იყო ამ ახალი ომით, რომელიც დაიწყო „ჰამასმა“.

პრეზიდენტი ალ-სისი სერიოზულად არის შეშფოთებული, რომ პალესტინელი ლტოლვილების ახალმა ტალღამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუარესოს ეკონომიკური მდგომარეობა ეგვიპტეში. და ასევე გააძლიეროს იმავე „მუსლიმი ძმების“ ყოფნა მის ქვეყანაში. ასე რომ, კაირო ამ კონფლიქტისგან კარგს არაფერს ელის.

მეორე მეზობელი ქვეყანა, იორდანია, ასევე ძალიან შეშფოთებულია პალესტინელების ახალი ტალღის მოძრაობით - სხვათა შორის, ამანში მათ ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ, ათწლეულების წინ, 1970 წელს, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის მცდელობა, დაემხო მმართველი ჰაშიმიტური სამეფო დინასტია.

მაგალითად, კატარი, რომელმაც მჭიდრო კონტაქტები დაამყარა „ჰამასის“ პოლიტიკურ ფრთასთან, გაცილებით პრაგმატულად უდგება საკითხს. ის „ჰამასს“ და თავის კავშირებს ამ რადიკალურ ჯგუფთან საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე პოზიციის განმტკიცების ინსტრუმენტად აღიქვამს.

აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად საუდის არაბეთის ამჟამინდელი იძულებითი უარისა, გააგრძელოს მოლაპარაკებები ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მიუხედავად ისრაელის ე.წ. აბრაამის შეთანხმების განხორციელების გაყინვისა სხვა ქვეყნებთან, ეს კონფლიქტი თავდაპირველად, სულ მცირე, არაბულ სამყაროში მაინც, არავის სურდა. ეს იმის გამო, რომ ის ბევრად მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე სარგებელს არაბული სამყაროს ნებისმიერი ქვეყნისთვის, მიუხედავად მათი ურთიერთობისა „ჰამასსა“ და ისრაელთან.

რადიო თავისუფლება: როგორია სიტუაცია ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის და ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, რიგითი არაბი მოქალაქის თვალით? აკავშირებს ის პირველს მეორესთან? არის განცდა, რომ რატომღაც არავის ახსოვს პირველი მოვლენა, თითქოს არასდროს მომხდარა და ყველას აბრაზებს მხოლოდ ის, რაც ახლა ხდება. რასაც ხედავენ და ისმენენ, არის ათასობით დაღუპული ღაზაში, ისრაელის ბლოკადა, პალესტინელი ლტოლვილების მასები, ისრაელის დაბომბვები და ა.შ.

ნიკოლაი კოჟანოვი: ასეა, ვშიშობ, რომ ახლა „არაბულ ქუჩაზე“ პირველს მეორესთან არავინ აკავშირებს. ყურადღება გადატანილია ტრადიციულ ნარატივზე, რომელიც არის ის, რომ მთელი პალესტინის მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში იჩაგრებოდა ისრაელის მიერ და, რომ „ჰამასის“ აგრესია გამოწვეული იყო,

ფაქტობრივად, ისრაელის მიერ შექმნილი საშინელი პირობებით. ახლა ისრაელი თითქოს მთელი ძალით აჩვენებს, ამ ჩვეულებრივი „არაბული ქუჩის“ აზრით, თავის ნამდვილ „ცხოველურ სახეს“ და ნაცვლად იმისა, რომ „ჰამასთან“ გაასწოროს ანგარიში პატიოსნად, როგორც ამბობენ, იყენებს სიტუაციას ღაზის სექტორში ლამის ეთნიკური წმენდის განსახორციელებლად.

დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ისრაელის არმია სამხედრო ოპერაციას ძალიან მკაცრად წარმართავს, რომ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგები და მათი ტანჯვა დიდია. და ეს მოვლენები მხოლოდ ახალ წყალს ასხამს ამ ანტიისრაელური ნარატივის წისქვილს.

სასწორი ისრაელის სასარგებლოდ შეიძლებოდა გადახრილიყო, რომ არა ეს სასტიკი, ზოგჯერ უბრალოდ ბრმა სამხედრო პასუხი.

დავუბრუნდები იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, როგორ გამოიყურება ვითარება საინფორმაციო ომის თვალსაზრისით. სასწორი ისრაელის სასარგებლოდ შეიძლებოდა გადახრილიყო, რომ მართლაც არ ყოფილიყო ეს სასტიკი, ზოგჯერ უბრალოდ ბრმა სამხედრო პასუხი.

7 ოქტომბრის პირველ საათებში, შემდეგ, პირველ ან პირველ ორ დღეს, „არაბულ ქუჩაზე“, მართალი გითხრათ, მაშინვე გამოჩნდნენ გარკვეული ადამიანები, რომლებსაც ღიად უხაროდათ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა. მ

აგრამ გონიერი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უმრავლესობას წარმოადგენენ ნებისმიერ ქვეყანაში, ისევე როგორც არაბული ქვეყნების ხელმძღვანელობა, უბრალოდ შოკში იყვნენ. „ჰამასს“, რბილად რომ ვთქვათ, შესაძლოა საერთოდ არ ჰქონოდა მხარდაჭერა, რომ არა შემდგომი მოვლენები. ახლა კი ყველაფერი აღიქმება არა როგორც ომი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, არამედ როგორც აგრესია პალესტინის მოსახლეობის წინააღმდეგ.

იორდანიის დედაქალაქში პალესტინელებთან სოლიდარობის აქცია. ამანი, იორდანია. 2023 წლის 27 ოქტომბერი
იორდანიის დედაქალაქში პალესტინელებთან სოლიდარობის აქცია. ამანი, იორდანია. 2023 წლის 27 ოქტომბერი

რადიო თავისუფლება: რა როლს თამაშობს რელიგიური ფაქტორი და სხვადასხვა რელიგიური ლიდერის, მათ შორის რადიკალური ლიდერის ქადაგებები და მოწოდებები ახლა არაბულ სამყაროში განწყობის გაღვივებაში? ამას იმიტომაც გეკითხებით, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მთელ ამ რადიკალურ რელიგიურ ისლამურ მოძრაობებს, მაგალითად, არაბულ მონარქიებში სიფრთხილით და აშკარა არაკეთილგანწყობით ეპყრობოდნენ. ეს ეხება ყველა პოპულარულ მოძრაობას და ასევე „მუსლიმთა საძმოს“, რომლის ნაწილიც „ჰამასია“. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არაბი მმართველებისთვის ამ ყველაფერს ახალი „არაბული გაზაფხულის“ და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აღორძინების სუნი ასდიოდა.

ნიკოლაი კოჟანოვი: მიმდინარე კონფლიქტს საერთოდ არ შეუცვლია აქცენტები. თუ სპარსეთის ყურეს გადავხედავთ: კატარის ხელისუფლებამ, რომელმაც თავშესაფარი მისცა „ჰამასის“ პოლიტიკურ ფრთას, ოფიციალურად, როგორც ამბობს, ეს ვითომ თავად აშშ-ის თხოვნით გააკეთა! რათა ყველასთვის კომუნიკაციის გარკვეული არხი გახსნილიყო და ეთამაშა ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი შუამავლის როლი.

მეორე მხრივ, დოჰამ არაოფიციალურად განუცხადა „ჰამასს“: „ეს მხოლოდ სახლია თქვენი ოჯახებისთვის, მაგრამ არც იფიქროთ რაიმე პოლიტიკურ საქმიანობაზე, განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე“.

რადიო თავისუფლება: ცოტა სხვა რამეზე გკითხეთ: ვთქვათ, რამდენად ერთიანია ახლა მმართველთა სასახლეები და მეჩეთები, ყველა მათი რადიკალი იმამებით? განა არ ეშინიათ მმართველებს, რომ პარასკევის რადიკალური ქადაგებები მათ ხალხს სადღაც ძალიან შორს წაიყვანს და ეს აღარ იქნება მხოლოდ ისრაელის ომი „ჰამასთან“?

ნიკოლაი კოჟანოვი: არა, არ ეშინიათ, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, მთელ რეგიონში მკაცრად კონტროლდება ხალხისა და სასულიერო პირების კომუნიკაციის ყველა არხი. თუ სადმე არის რაიმე სახის თავისუფალი აზროვნება, ის უკვე დიდი ხანია გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული. მეორეც - ის, რაც ახლა წინა პლანზეა, ნამდვილად არ არის რელიგიური ასპექტი და ერთგვარი დაპირისპირება „ურწმუნოებთან“, არამედ ეს „ბრძოლაა პალესტინელი ხალხის განთავისუფლებისთვის“.

აქ ვხედავ ერთიანობას ამ საფუძველზე ადამიანთა სრულიად განსხვავებული ჯგუფებს, ხშირად კი განსხვავებული სარწმუნოების წარმომადგენლებს შორის. ასევე აღარ არსებობს ისლამში რაიმე რადიკალური მოძრაობების ფარული დაფინანსება, რადგან ეს სფერო დიდი ხანია მოქცეულია ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ. უბრალოდ შეუძლებელია პარასკევს მეჩეთებთან რადიკალური „მებრძოლების“ საჭიროებებისთვის თანხების შეგროვება, როგორც ეს იყო, ვთქვათ, 2014-15 წლებში.

ღაზის სექტორის მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის აქცია. ბაჰრეინი, მანამა. 2023 წლის 2 ნოემბერი
ღაზის სექტორის მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის აქცია. ბაჰრეინი, მანამა. 2023 წლის 2 ნოემბერი

დახმარება საქველმოქმედო მიზნებით მართლაც გროვდება, მაგრამ ოფიციალურად ნებადართული ორგანიზაციების მეშვეობით. და ეს მიდის კონკრეტულად პალესტინელების და არა რომელიმე კონკრეტული მოძრაობის ან ჯგუფის დასახმარებლად.

გუშინ ვიყავი ერთ-ერთ ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში, „კარფურში“ და იქ შესასვლელთან ფული გროვდებოდა „პალესტინის აღდგენისთვის“. და იქ სიტყვა „ჰამასი“ არსად იყო ნახსენები.

რადიო თავისუფლება: ბოლო წლებში ბევრი ითქვა ისრაელის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ბევრ არაბულ ქვეყანასთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეინთან, მაროკოსა და საუდის არაბეთთან. კატარშიც კი, რომელიც ღაზის სექტორისა და „ჰამასის“ მთავარი ფინანსური დონორია, ისრაელის სავაჭრო მისია რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა. ახლა კი იორდანიამ, რომელმაც ისრაელთან სრული დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა თითქმის 30 წლის წინ, იქიდან თავისი ელჩი გაიწვია.

შეიძლება ყველა ამ იდეისთვის ზურგის შექცევა, როგორც უნდა დასრულდეს მიმდინარე კონფლიქტი?

ნიკოლაი კოჟანოვი: ისრაელის სავაჭრო მისია დოჰაში დაიხურა, მაგრამ კატარსა და ისრაელს შორის კავშირები მთლიანად შენარჩუნებულია უშიშროების ძალებს შორის მიმოსვლის სახით. ცოტა ხნის წინ, „მოსადის“ თანამშრომლები დოჰაში გაფრინდნენ, რათა კვლავ ესაუბრათ ღაზის გარშემო ვითარებაზე, პირველ რიგში, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხებზე. დიახ, საერთო შერიგების პროცესს დიდი დარტყმა მიადგა. მაგრამ ეს დარტყმა არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი. გლობალური მუსლიმური ანტიისრაელური ბლოკის თანდათანობითი დაშლა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს დაიწყო არა არაბული სამყაროდან, არამედ, ვთქვათ, ისლამური სამყაროს გარეუბნებიდან და თანდათან მოჰყვა ე.წ. აბრაამის შეთანხმების ხელმოწერა.

არაბული ლიდერების პირველი რეაქცია იმაზე, რაც „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე მოიმოქმედა, იყო აღშფოთება.

ვფიქრობ, თუ ჩვენი პარალელი „სარაევოში გასროლასთან“ არასწორია და ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, ადრე თუ გვიან ისრაელი და არაბული ქვეყნები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებიან. ეს იმიტომ, რომ მთელი „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ სტაბილიზაცია, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკაში, ობიექტური აუცილებლობაა, რომლითაც ბევრია დაინტერესებული. და ამ მიზეზით, როგორც უკვე აღვნიშნე, 7 ოქტომბერს, არაბული ქვეყნების ლიდერების პირველი რეაქცია იმაზე, რაც „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე მოიმოქმედა, აღშფოთება იყო.

რადიო თავისუფლება: ცალკე ვისაუბროთ კატარზე. დღეს ყველა შეჰყურებს კატარის ამირას თამიმ ბინ ჰამად ალ ტანის, რომელიც მოულოდნელად გახდა მთავარი შუამავალი „ჰამასს“, ისრაელს, აშშ-ს და ა.შ. შორის. რამდენიმე ისრაელელი მძევალი მართლაც გაათავისუფლეს კატარის უშუალო დახმარებით. როგორ მიაღწია ალ ტანიმ ყველაფერს, რაც სურდა?

ნიკოლაი კოჟანოვი: კატარი პატარა სახელმწიფოა, რომელიც ტრადიციულად უზრუნველყოფს თავის გადარჩენას, მათ შორის, ეგრეთ წოდებული რბილი ძალის გამოყენებით, ხშირად სთავაზობს თავის სამსახურს როგორც შუამავალი საერთაშორისო კონფლიქტებში და ამით აძლიერებს თავის როლს მსოფლიო პოლიტიკაში. და იმის გათვალისწინებით, რომ სპარსეთის ყურის ყველა ქვეყნიდან სწორედ კატარს აქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა „ჰამასთან“ და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კატარი ალბათ პირველია რეგიონის სახელმწიფოთა სიაში, რომელიც ახლა ყველაზე ახლოსაა ამერიკასთან მთელ რიგ საკითხებში, გასაკვირი არ არის, რომ დოჰამ კიდევ ერთხელ იკისრა შუამავლის როლი. ის კვლავ საკმაოდ პრაგმატულად ცდილობს ამით საგარეო-პოლიტიკური ქულების დაგროვებას. მაგრამ ეს, ხაზს ვუსვამ, არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა.

რადიო თავისუფლება: მაგრამ რატომ არა არაბთა გაერთიანებული საამიროები, არა საუდის არაბეთი, არამედ ამირა ალ ტანი იყო პირველი არაბ ლიდერებს შორის, ვისთანაც ყველა მზად არის, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან? აქვს მას კოზირები, რომლებიც სხვებს არ გააჩნიათ? როგორ ახერხებს ის ასე ოსტატურად გამარჯვებას არაბულ სამყაროში პირველობისთვის ბრძოლაში? და როგორ მოძრაობს ასე ოსტატურად რიადს, კაიროს, აბუ-დაბის, ვაშინგტონს, ანკარას, თეირანს, ყველას შორის?

ნიკოლაი კოჟანოვი: კატარს ხელში უდავო კოზირები აქვს. ჯერ ერთი, „ჰამასი“, როგორც რამდენჯერმე ვთქვით, არის „მუსლიმთა საძმოს“ მოძრაობის განშტოება. „მუსლიმთა საძმოსთან“ ურთიერთობაში, როგორც საუდის არაბეთს, ისე, განსაკუთრებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, როგორც ვიცით, უზარმაზარი პრობლემები აქვს. მეორეც, ტრადიციულად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს უფრო მჭიდრო კავშირები აქვთ პალესტინის ხელისუფლებასთან, „ფათჰთან“ და იორდანეს დასავლეთ ნაპირთან, ვიდრე ღაზასთან.

მჭიდრო კავშირები ღაზის სექტორთან, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური, შუამავლის როლი, ფინანსური და ეკონომიკური ქველმოქმედება - ეს ყოველთვის იყო კატარი. მეტიც, ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების ძალადობისა და აფეთქებების წინა პერიოდებში კატარმა აჩვენა მისი უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩაქრობის უნარი, ვიდრე ვინმე სხვამ და განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.

კატარის ამირა - ტამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი
კატარის ამირა - ტამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი

მესამე, შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები ამჟამად არ არის საუკეთესო დონეზე. და სავსებით ბუნებრივია, რომ ვაშინგტონისთვის სჯობდა დახმარება ეთხოვა მისთვის, ვინც უფრო ახლოსაა მასთან ახლა და ობიექტურად, ეს კატარია.

კატარელები დიდი ხანია ნაყოფს იმკიან თავიანთი რეპუტაციისგან როგორც ქვეყნისა, რომელსაც შეუძლია და იცის როგორ გადაჭრას საკითხები საერთაშორისო ასპარეზზე, ან თუნდაც შექმნას ასპარეზი მოლაპარაკებებისთვის. ეს ხდებოდა მაშინ, როცა იგივე საუდის არაბეთი, რეგიონში საგარეო-პოლიტიკური ავანტიურებით, იემენის მაგალითზე, რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ ამრავლებდა პრობლემებს ყველასა და საკუთარი თავისთვის. ამიტომ, კატარი, მრავალი თვალსაზრისით, უალტერნატივოა, ასე ვიტყოდი.

XS
SM
MD
LG