საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ არ დატოვებს თანამდებობას. თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე ასე უპასუხა მან დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც მისი გადადგომა მოითხოვა, კოლეგის შეურაცხყოფისა და მის დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიების გამო.
"ამ ოთახში განსაკუთრებით მიყვარდა ხოლმე მუშაობა, იმიტომ რომ ოფიცრების ფოტოები ჰკიდია, ღირსეული ხალხის, ვინც ამ ქვეყანას ემსახურებოდა: კვინიტაძე, მაზნიაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი... სირცხვილია, ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს, ღირსება უნდა დაბრუნდეს! უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა! ვინ გექაჩებოდა ენაზე, იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?!" - მიმართა ბერაიას ელისაშვილმა.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სამწუხარო უწოდა თავის გამონათქვამებს და აღნიშნა, რომ ამ თემაზე "მეტი დეტალის თქმას" არ აპირებს.
"ყველას გასაგონად იმასაც ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს - ერთხელ და სამუდამოდ! მანამ, ვიდრე მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი, ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს", - თქვა ბერაიამ.
31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარული სხდომის პირველ ნაწილში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ბოლო გამომსვლელი იყო. გამოსვლისას მან ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე დამამცირებელ კონტექსტში ლაპარაკისას, სავარაუდოდ, გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების დეტალები.
„ის, რაც „ოცნების“ კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსის მეთოდები არ გამაჩუმებს... ამას, ალბათ, გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუსს და „ოცნებას“ ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“- აღნიშნა თეონა აქუბარდიამ მას შემდეგ, რაც ირაკლი ბერაიას განცხადება მოისმინა.
მოგვიანებით უმრავლესობის წევრებმა ბოდიში მოიხადეს, თუმცა მომხდარზე კრიტიკა გააგრძელეს და შესაბამისი რეაგირება მოითხოვეს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, რომლებსაც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უთხრა: "შეირგეთ ის ბოდიში".