ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ მძიმე შეცდომის დაშვებასთან ახლოსაა და ეს შეცდომა, შესაძლოა, ბეირუთის მოსახლეობის სახლებიდან გაქცევით დასრულდეს.
მისი თქმით, „ჰეზბოლა“ ლიბანს ომში ითრევს.
"მე ვეუბნები ლიბანის მოქალაქეებს, რომ უკვე ვხედავ ღაზაში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც თეთრი დროშებით სანაპიროს გასწვრივ მიდიან და სამხრეთით მიემართებიან. „ჰეზბოლა“ ლიბანს ითრევს ომში, რომელიც შეიძლება მოხდეს და ის შეცდომებს უშვებს. ისინი, ვინც ამ შეცდომის ფასს გადაიხდიან, არიან ლიბანის მოქალაქეები. რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ“, – განაცხადა გალანტმა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედროების მონახულებისას.
გალანტი გამოეხმაურა ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“, ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებას. ნასრალამ სატელევიზიო მიმართვისას აღნიშნა, რომ ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება.
გალანტის თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები ღაზის სექტორში ამჟამად თავისი ძალის მეათედზე ნაკლებს იყენებს.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11000 ადამიანი. „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.