Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ნოემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართა პალესტინელების მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები


პალესტინელების მხარდასაჭერი აქცია ლონდონში. 2023 წლის 11 ნოემბერი
პალესტინელების მხარდასაჭერი აქცია ლონდონში. 2023 წლის 11 ნოემბერი

შაბათს, 11 ნოემბერს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართა პალესტინელების მხარდამჭერი აქციები, ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე, რომელიც დაიწყო 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადებული „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ.

ამ თავდასხმას მაშინ 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები. ტყვედ ჩავარდა დაახლოებით 250-მდე ადამიანი, რომლებიც დღემდე „ჰამასის“ მძევლებად რჩებიან ღაზის სექტორში.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია ლონდონში გაიმართა, სადაც პოლიციის წინასწარი მონაცემებით, პალესტინელების მხარდასაჭერ მსვლელობაში 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დააკავეს 150-მდე რადიკალი დემონსტრანტი.

პალესტინელების მხარდამჭერი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ნიუ-იორკშიც. მონაწილეებმა საღებავები შეასხეს The New York Times-ის ოფისს, ღაზაში მოვლენების გაშუქების „პროისრაელური პოზიციის“ გამო. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური სადგურის შენობაში შეჭრა სცადეს. ისინი პოლიციამ გააჩერა.

პალესტინელების მხარდამჭერები ასევე შეიკრიბნენ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეზიდენციის წინ, მის მშობლიურ შტატ დელავერში.

ამავე შინაარსის დემონსტრაციები გაიმართა სამხრეთ აფრიკაში, ირლანდიასა და საფრანგეთში.

ნიდერლანდში აქციის მონაწილეებმა ღაზაში დაღუპულთა სახელების დაბეჭდილი სია მიიტანეს (დაღუპულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო).

ბელგიაში პროპალესტინელმა აქტივისტებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000 ადამიანი.
  • ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
XS
SM
MD
LG