Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამათავისუფლეს“, ამბობს შსს-ს თანამშრომელი, რომელიც უწყებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა


გოგა რაზმაძე.
გოგა რაზმაძე.

გოგა რაზმაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც უწყებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა“, - წერს ის საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

რაზმაძის ცნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და მის შევიწროებაზე საჯაროდ საუბარი მინისტრის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას და სამინისტროს რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად.

„არა მხოლოდ რიგითი მოქალაქისთვის ყოფილა პრობლემა სამართლის პოვნა, ჩემთვის, საჯარო მოხელისთვის კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა სიმართლის დამტკიცება. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდა“, - წერს რაზმაძე.

პოსტის თანახმად, პრობლემებზე საჯაროდ საუბრის მოტივაცია იყო მისი, როგორც საჯარო მოხელის მხრიდან ქვეყნის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

გოგა რაზმაძის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის გასულ ზაფხულში გახდა ცნობილი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა სოციალურ მედიაში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ხმამაღლა ილაპარაკა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე. რაზმაძემ უწყება აზრის გამოხატვის შეზღუდვაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში, სამსახურიდან დაითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG