Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: საქართველოს ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა


ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე. 10 ნოემბერი, 2023.
ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე. 10 ნოემბერი, 2023.

საქართველოს ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე.

ღარიბაშვილი სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მონაწილეობს პანელზე, „თანამშრომლობა მეტოქეობით სავსე მსოფლიოში: მშვიდობის შექმნა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენება“.

პრემიერის თქმით, რეგიონში გამოწვევად რჩება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას“. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, ასოცირების ხელშეკრულებიდან კანდიდატის სტატუსის მიღების რეკომენდაციამდე და ეკონომიკური განვითარება, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მშვიდობა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობის მნიშვნელობას განსაკუთრებით უსვამს ხაზს. მმართველი „ქართული ოცნება“ რუსეთთან, რომელსაც ქვეყნის 20 პროცენტი - ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები, ოკუპირებული აქვს, ფრთხილ და, მათივე შეფასებით, პრაგმატულ პოლიტიკას უჭერს მხარს.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი წინდახედული, ფრთხილი პოლიტიკით. საქართველოს შეუძლია ამ შედეგების მიღწევა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ხშირად საუბრობენ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, რომელსაც საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნა“ სურს.

მსოფლიო სავსეა კრიზისებით და კონფლიქტებით და „არავინ იცის, რა იქნება ხვალ“, - თქვა ღარიბაშვილმა პარიზში.

მისივე თქმით, „რა თქმა უნდა, მხოლოდ დიდ ქვეყნებს, ზესახელმწიფოებს შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრა. საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, პატარა ქვეყნებს, სჭირდებათ მკაფიო ხედვა დასავლელი დიდი ძალებისგან“.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში მედიაციის მაგალითზე. კერძოდ, თქვა, რომ საქართველოს და პერსონალურად მას, აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა სომხეთ-აზერბაიჯანთან და მათ ლიდერებთან.

„ორი წლის წინ განვახორციელეთ წარმატებული მედიაცია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი, როდესაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა 25 ტყვე და სანაცვლოდ სომხეთმა გადასცა ნაღმების რუკები“, - თქვა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ამ პროცესში ნდობა აუცილებელია.

პარიზის მშვიდობის ფორუმი 10 ნოემბერს გაიხსნა და 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. ფორუმში საქაართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების გარდა, ასევე მონაწილეობენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი და მიშელი ერთად მონაწილეობენ პანელზე „მულტიკრიზისებიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე“,

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნის შემდეგ, ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. იმპიჩმენტის კენჭისყრის საფუძველი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს გააწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ემანუელ მაკრონთან, შეხვედრებით, დაარღვია კონსტიტუცია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს პარიზში გასამგზავრებლად მთავრობისგან თანხმობა არ მოუთხოვია.
XS
SM
MD
LG