6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. ის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთში გადასცა საქართველოს სამართალდამცველებს. გათავისუფლების შემდეგ ლევან დოთიაშვილმა მედიასთან დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა. „ცუდად ვარ და ხვალ გაგესაუბრებით", - უთხრა მან ჟურნალისტებს. დოთიაშვილს სახეზე დაზიანების კვალი აღენიშნება.
ამ საკითხზე ერგნეთში ილაპარაკა სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
„გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება. როგორც მან [ლევან დოთიაშვილმა] განგვიმარტა, უკანონო დაკავების დროს, მას მიაყენეს დაზიანება, - განაცხადა ანთაძემ და დაამატა, - დაკავების შემდეგ, ოკუპირებულ ცხინვალში, როგორც თავად განგვიცხადა, არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია".
ირაკლი ანთაძის თქმით, ლევან დოთიაშვილი არის თამაზ გინტურის მკვლელობის თვითმხილველი და ის მოწმის სტატუსით გამოიკითხება.
ლევან დოთიაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
„ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც სუსი აცხადებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რათა თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდეს. „მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნავს ის.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 9 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ლევან დოთიაშვილი საღამოს გათავისუფლდებოდა.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ასევე გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვება ტაძართან მისვლისა და კარის გაღების შესახებ, თუმცა ვიდეოში არ არის თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი.
7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.
კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანს, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო აჭედილი. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ამტვრევს ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიან ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაღუპულს ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
გივი გინტური ამბობს, რომ იცის მკვლელების ვინაობა. იგი მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა ორმა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, რომელთაც აქვთ მაიორის წოდება.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.