რუსეთის არმიამ 9 ნოემბერს კვლავ დაბომბა ქალაქი ხერსონი, დაშავებულია ორი ადამიანი, იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.
"რუსეთის არმიამ ხერსონის კარაბელნის რაიონი დაბომბა. ორი ადამიანი დაშავდა. ერთი მამაკაცი ფეხის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობაში.
როგორც ხერსონის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ განმარტა, რუსეთის თავდასხმის შედეგად მაღალსართულიან კორპუსებში ბინები დაზიანდა. მას არ დაუსახელებია დაზიანებული შენობების რაოდენობა.
8 ნოემბერს ხერსონის რეგიონში სულ მცირე ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის თავდასხმების შედეგად.
რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღიურად უშენენ ცეცხლს ხერსონის არაოკუპირებულ ნაწილს, კერძოდ, მის რეგიონულ ცენტრს. მტკიცებულებებისა და ფაქტების მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმას.