Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე 22 წლის კაცს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა


ხაშურის რაიონული სასამართლო
ხაშურის რაიონული სასამართლო

ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლალი ბესტავაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 22 წლის გ.ტ.-ს, რომელსაც გამოძიება 12 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავება.

სხდომა ხაშურის რაიონულ სასამართლოში დახურულ რეჟიმში წარიმართა, ვინაიდან საქმეში დაზარალებულის სტატუსით არასრულწლოვანი ფიგურირებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის გაუპატიურებას ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში 4 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა. 12 წლის ბავშვი 22 წლის კაცმა ე.წ. ცოლად მოყვანის მიზნით მის საცხოვრებელ სახლში წაიყვანა.

თავდაპირველად გ.ტ.-ს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს, თუმცა, 7 ნოემბერს მას ბრალი გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა.

როგორც საქმის პროკურორი ნიკოლოზ სანიკიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქმეში არსებული პირდაპირი მტკიცებულებები იძლეოდა ბრალის დამძიმების შესაძლებლობას.

ბრალდებულის ადვოკატი, მარინე მარიამიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან მიიჩნევს, რომ გ.ტ.-ს მიერ ბავშვის გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება:

"მას წაყენებული ჰქონდა 140-ე მუხლი, თუმცა, მუხლი დამძიმდა. როგორც დაცვის მხარე, ვამბობ, რომ ამ ეტაპზე, ნამდვილად არ არის მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც ეჭვგარეშე დაარწმუნებდა ნებისმიერ პიროვნებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა ჩაიდინა მასზედ შერაცხული დანაშაული”.

12 წლის ბავშვი ამჟამად, მისი სურვილის გათვალისწინებით თავშესაფარში იმყოფება. წინასასამართლო სხდომა ხაშურის რაიონულ სასამართლოში 21 დეკემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG