Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაღმაიძის შეფასებით, მლეთის ტაძარის შესახებ სიუჟეტებმა კირბალთანაც გაამძაფრა საფრთხეები


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ლომისის ეკლესიის ნიშთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

დეკანოზმა გაიხსენა საკუთარი განცხადება და კვლავ გააკრიტიკა კირბალის მთაზე, ეკლესიის ნიშთან საქართველოს დროშის აღმართვა, რასაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ტაძრის შესასვლელის აჭედვა მოჰყვა.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მახლობლად საქართველოს მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა გასროლით მოკლეს. დღეს კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გავხდით და უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულის ახლობლებს და ყველას ვისაც გული შესტკივა მომხდარის გამო.

ეს ის კირბალია, რომლის მახლობლად, ოკუპირებულ ხაზის იქით ლომისის სახელობის ტაძარი რომ მოხვდა (ეს მლეთის ლომისის ტაძარი არ არის).

როგორც ამას წინათ განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზს შიგნით იყო, ამ ტაძარში, ქართველი სასულიერო პირები და მრევლი, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოსალოცად და ტაძრის მოსავლელად შესვლას, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მცდელობით ახერხებდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არის რთული და რისკების შემცველი. საოკუპაციო ხაზსის შიგნით ტაძართან, ქართული დროშის აღმართვის საპასუხოდ რუსებმა აჭედეს ტაძრის კარი, აკრძალეს მიმოსვლა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოსახლეობასთან, ტაძარი დარჩა მიუხედავი დღეს კი სამწუხაროდ მსხვერპლი გვაქვს.

მლეთაში მდებარე ლომისის ტაძარში, ქედზე, ანალოგიური ვითარება გვაქვს, საოკუპაციო ხაზი სამონასტრო კომპლექსს შუაზე კვეთს და ბერი რომელიც ტაძარს უვლის, ხაზს იქით ცხოვრობს მუდმივი, ანალოგიური საფრთხეების ქვეშ. 15 წელია ოკუპაციის შემდეგ გასული და მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები პერიოდულად ამოდიან ახალგორის ბაზიდან, ჩვენ შევძელით ამ ტაძარზე ზრუნვა",
- დაწერა ჯაღმაიძემ.

სასულიერო პირმა გაიხსენა მლეთის ტაძრის შესახებ მომზადებული სიუჟეტები და აღნიშნა, რომ, სწორედ, მათ გაამძაფრეს საფრთხეები.

„დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა დიდ შრომას ეწევიან და რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით ტაძრებს უვლიან და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში.

25-26 ოქტომბერს მომხდარმა ამბებმა და სიუჟეტებმა, რაც მლეთის ტაძარს უკავშირდებოდა, აქაც გაამძაფრა საფრთხეები.

მე როგორც ამ ტაძრის მღვდელმსახური, ვალდებული ვარ მცდელობა არ მოვაკლო, რომ მსგავსი რამ იქ არ მოხდეს და ვფიქრობ დღეს უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს.

ღმერთმა მოიხსენიოს გარდაცვლილი თამაზ გინტური",
- აცხადებს დეკანოზი.

2023 წლის 26 ოქტომბერს ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა სოფელ კირბალში მდებარე ლომისის ტაძრის შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა ტაძრის შესასვლელი აჭედეს.

„ნუ გავამწვავებთ სიტუაციას, იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც იმ ლომისის ტაძარში, რომელიც არის გორის რაიონში. იქ ასე დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი. მისვლის საშუალებაც არ აქვს არავის. ეს არის საფრთხილო ზონა. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა. ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა - 2008 წლის ომის მერე", - თქვა დეკანოზმა.

2023 წლის აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მთაზე განთავსებული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშის კარი საოკუპაციო ძალებმა თუნუქის ფირფიტით აჭედეს.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხელი ხაზის მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

სუს-ის ცნობით, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი. თამაზ გინტური არის გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმა.

კირბალში გორის მერიის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უამბო 6 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ. მისი თქმით, ადგილობრივებმა უთხრეს, რომ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიის ნიშთან სანთლის ასანთებად წავიდნენ. მოგვიანებით, მოსახლეობამ სროლის ხმა გაიგო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნით, 6 ნოემბერს ერგნეთში გაიმართა ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ოფიციალური თბილისის გარდა მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG