Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაადასტურა 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის 19 მებრძოლის დაღუპვა


უკრაინამ, რომელიც თავდაცვის ძალების დანაკარგებს, როგორც წესი, არ ასაჯაროებს, განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ზაკარპატიეს 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის 19 მებრძოლი. ინფორმაცია დღეს, 6 ნოემბერს გამოქვეყნდა ბრიგადის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე.

128-ე ბრიგადა აცხადებს, რომ მიმდინარეობს ტრაგედიის ყველა გარემოების დეტალური შემოწმება და ამ პროცესის დასრულებამდე ყველას სთხოვენ, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ და ყალბ ინფორმაციას.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთ სოფელში, 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროთა თავმოყრის ადგილზე სარაკეტო იერიში 3 ნოემბერს მიიტანეს. 4 ნოემბერს, გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის შსს-ში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სავარაუდოდ, დაიღუპა 20-ზე მეტი მებრძოლი. წინასწარი ინფორმაციით, ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ერთ ადგილზე შეკრიბეს არტილერისტთა დღის გამო ჯილდოების გადასაცემად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. 5 ნოემბერს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს.

უკრაინის წინააღმდეგ ომის მომხრე რუსი ე.წ. სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ სარაკეტო შეტევა განხორციელდა სოფელ დიმიტროვოზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კილომეტრშია და 50-მდე უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG