Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ მხარს უჭერს ოპერის თეატრის ტექნიკური პერსონალის გაფიცვას


გაფიცული თანამშრომლები ოპერის თეატრის წინ
გაფიცული თანამშრომლები ოპერის თეატრის წინ

„ღირსეული შრომის პლატფორმამ“ 4 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სოლიდარობას და მხარდაჭრას უცხადებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლების გაფიცვას. „გამაოგნებელია გაფიცული თანამშრომლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათი ხელფასის მიზერული ოდენობის შესახებ, რომელიც მზარდი ფასებისა და ინფლაციის პირობებში, 600 ლარს არ აღემატება, ამასთან, გაფიცულთა განცხადებით, შეუქცევადად იზრდება მათი სამუშაო დატვირთვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმა აცხადებს, რომ საგაფიცვო პროცესის წინ, არაეფექტიანი აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიაციო პროცესი. მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულებისთანავე, „კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, ოპერის თეატრის თანამშრომლებმა გამოიყენეს გაფიცვის უფლება“, რის შემდეგაც რამდენიმე თნამშრომელი გაათავისუფლეს. „გაფიცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო, თანამშრომლის გათავისუფლება, კიდევ უფრო ამძიმებს ოპერის თეატრის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმა მოუწოდებს ოპერის ადმინისტრაციას, „შეასრულოს მშრომელთა ბაზისური მოთხოვნები, გაზარდოს ხელფასი, დაემორჩილოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და სამსახურში აღადგინოს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები“.

„ღირსეული შრომის პლატფორმა" არაფორმალური ერთობაა, რომელიც დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებს, ადამიანის უფლებების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს აერთიანებს.

ოპერის ტექნიკური პერსონალი 3 ნოემბერს, 21-დღიანი მედიაციის უშედეგოდ დასრულების შემდეგ გაიფიცა.

XS
SM
MD
LG