Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა "უხამსობის" აკრძალვის შესახებ სადავო ცვლილებას


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„საკანონმდებლო მაცნეში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული სადავო ცვლილება.

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი 19 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებების შედეგად, „[სატელევიზიო ეთერში] აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი პროგრამის ან რეკლამის, აგრეთვე ადამიანის/მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც უხამსობას შეიცავს“.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა, რომ „უხამსობის“ რეგულირება ევროდირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილი არ არის.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებით, მაუწყებლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების, ტერორიზმის მოწოდებისა და უხამსობის შემთხვევები, თვითრეგულირების მექანიზმის ნაცვლად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

მედიაექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ცვლილებებს საეჭვოდ მიიჩნევენ იმდენად, რამდენადაც სანდოდ და სამართლიანად არ თვლიან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომიისიასა და სასამართლოს. მათი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ სარჩელები შეიძლება არა პროპაგანდისტული, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გამავრცელებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ, არამედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების შესახებ შევიდეს კომისიაში, რაც რეპუტაციული ზიანის გარდა, ფინანსურ ტვირთსაც ნიშნავს მათთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პრეზიდენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა.

დეპუტატები მმართველი პარტიიდან ამბობდნენ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლადაც. კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში ინიციატივის განხილვისას თქვა, რომ ამ ცვლილებების მიღებით საქართველო ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტს შეასრულებს. ესაა მედიის შესახებ გაცემული რეკომენდაცია, რაც ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებამ უნდა უპასუხოს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს და ხელისუფლებამ ეფექტიანად და დროულად უნდა გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეები.

XS
SM
MD
LG