Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აღარ აფრთხილებს რუსეთს სირიაში განხორციელებული იერიშების შესახებ - Bloomberg


რუსეთის სამხედრო პატრული სირიაში
რუსეთის სამხედრო პატრული სირიაში

დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის ფონზე, ისრაელის სამხედროები ამჯერად ყოველთვის აღარ აფრთხილებენ რუსეთს სირიაში არსებულ სამიზნეებზე იერიშების შესახებ. ამის შესახებ საერთაშორისო სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მათი თქმით, ამან შეიძლება გაართულოს ქვეყნებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები.

ისრაელი აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო საწყობებზე ახორციელებს პრევენციულ იერიშებს, რათა ხელი შეუშალოს იარაღის მოხვედრას „ჰამასის“ ხელში.

25 ოქტომბერს ისრაელის თვითმფრინავებმა ქვეყნის სამხრეთით, სირიის პროვინციაში იარაღის ბაზას დაარტყეს. ამ ბაზის მახლობლად არიან დაბანაკებული რუსეთის სამხედრო პოლიციის თანამშრომლები. უცნობია, იყვნენ თუ არა ისინი ბაზის სიახლოვეს თავდასხმის დღეს, - აღნიშნავს Bloomberg-ი.

25 ოქტომბრის, ისევე როგორც 30 ოქტომბერს, დარას პროვინციაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმების შესახებ რუსული მხარე არ იყო გაფრთხილებული. ასეთი მოქმედების თაობაზე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.


ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისრაელი ახლა ყოველთვის არ აფრთხილებს რუსეთს მოსალოდნელი დარტყმების შესახებ, - „ბლუმბერგის“ თანახმად, - მოსკოვის ირანთან დაახლოებაა.

სირიაში, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" და პროირანული ლიბანის დაჯგუფება "ჰეზბოლა" პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიის მხარეს მოქმედებენ. ისრაელი და შეერთებული შტატები შიშობენ, რომ "ჰეზბოლამ" შეიძლება მხარი დაუჭიროს "ჰამასს" და გახსნას მეორე ფრონტი ჩრდილოეთ ისრაელში.

3 ნოემბერს გაკეთებულ თავის ვიდეომიმართვაში „ჰესბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ, რეალისტური უწოდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებას და აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა“ ყოველდღიურად აფართოებს თავის შეტაკებებს ისრაელის არმიასთან ლიბანის საზღვართან, რაც ისრაელს აიძულებს, თავისი ძალები საზღვართან ახლოს შეინარჩუნოს, იმის ნაცვლად, რომ ისინი ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციაში გაგზავნოს.

XS
SM
MD
LG