1 ნოემბერს კატარში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ღაზიდან უნდა გაიყვანონ უცხოელები და მძიმედ დაჭრილი პირები.
შეთანხმება გაფორმდა ეგვიპტეს, ისრაელსა და "ჰამასს" შორის და მას წინ უძღოდა სისხლისღვრის კიდევ ერთი დღე ღაზაში - პალესტინელთა ჯანდაცვის წარმომადგენლების თანახმად, ისრაელის საჰაერო იერიშს ლტოლვილთა ბანაკის არეალში 50-მდე ადამიანი შეეწირა.
ისრაელმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაიღუპნენ "ჰამასის" მაღალი რანგის მეთაური და სხვა მებრძოლები.
ისრაელმა, რომლის ავიაცია პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის სექტორს 7 ოქტომბრიდან ბომბავს, შეტევა 27 ოქტომბრიდან გააძლიერა ოპერაციაში სახმელეთო ძალების ჩართვით.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.