ისრაელის არმიამ დღეს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისას დაიღუპა არმიის კიდევ 9 ჯარისკაცი. 7 მათგანი ტერორიზმთან მებრძოლი ბრიგადის წევრი იყო, 2 კი - ჯავშანსატანკო კორპუსის. გუშინ, 31 ოქტომბერს, ისრაელის არმიამ დაადასტურა სახმელეთო ოპერაციისას 2 სამხედროს დაღუპვა.
ისრაელმა, რომლის ავიაცია პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის სექტორს 7 ოქტომბრიდან ბომბავს, შეტევა 27 ოქტომბრიდან გააძლიერა ოპერაციაში სახმელეთო ძალების ჩართვით. ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ სულ დაღუპულია 326 სამხედრო მოსამსახურე.
დღეს დილით, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან განადგურებულია „ტერორისტების“ 11 000-ზე მეტი სამიზნე.
31 ოქტომბერს ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ღაზის იმ ნაწილზე, სადაც ჯაბალიის დევნილთა ბანაკი მდებარეობს. პალესტინელთა ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 50 ადამიანი. „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ წარმომადგენელმა BBC-ს უთხრა, რომ დაღუპულთა შორის 25 სამოქალაქო პირი იყო.
ისრაელის არმიამ გვიან ღამით განაცხადა, რომ ამ რაიონზე დარტყმის სამიზნე იყო „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იბრაჰიმ ბიარი. ისრაელის მტკიცებით, საავიაციო დარტყმის შედეგად მიწისქვეშა გვირაბების კომპლექსში, საიდანაც ბიარი ბრძანებებს გასცემდა, „ჰამასის“ ათეულობით წევრია მოკლული. ისრაელის არმიის თანახმად, დაიბომბა უშუალოდ გვირაბების კომპლექსი, რომლის ნგრევამ გამოიწვია ახლომდებარე შენობების ნგრევაც. „ჰამასი“ უარყოფს, რომ იბრაჰიმ ბიარი ჯაბალიის რაიონში იმყოფებოდა.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 8400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3000-ზე მეტი ბავშვი. „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას. ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.