Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი გმობს ისრაელელი მოსახლეების თავდასხმას პალესტინელებზე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი ასეანის შეხვედრაზე. ჯაკარტა. 21 ივლისი, 2023 წელი
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი ასეანის შეხვედრაზე. ჯაკარტა. 21 ივლისი, 2023 წელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა კვლავ მოუწოდა ისრაელსა და „ჰამასს" ცეცხლის შეწყვეტისკენ და დაგმო პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელელი მოსახლეების თავდასხმები პალესტინელებზე.

მაღალი რანგის არაბ ოფიციალურ პირებთან საუბრების შემდეგ, ოფისის თანახმად, ბორელმა „გამოხატა შეშფოთება პალესტინელებზე ისრაელელი მოსახლეების თავდასხმების გამო და ისინი გადაჭრით დაგმო.“

ბრიუსელი ადრეც გამოვიდა სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მოწოდებით ორივე მხარის მიმართ და გამოაცხადა, რომ „ჰამასი„ უნდა აიძულონ, გაათავისუფლოს მძევლები, ამასთან, გამოცხადდეს „ჰუმანიტარული პაუზები“ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად. საუდის არაბეთის, იორდანიის და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ჰუსეინ ბრაჰიმ ტაჰასთან, შეხვედრის შემდეგ ბორელმა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არსებული ვითარების გამო გაავრცელა თავისი განცხადება.

ისრაელმა ღაზის სექტორზე საავიაციო თავდასხმები 7 ოქტომბერს თავის ტერიტორიაზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაიწყო. ისრაელელებს შორის მსხვერპლმა 1400-ს მიაღწია. AFP-ის მონაცემებით, „ჰამასელებს“ ტყვედ ჰყავთ 240-მდე მძევალი. ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა 8500 ადამიანი, თითქმის ნახევარი - ბავშვები. არსებული ცნობით, ამავე დროს ოპერაციები გააქტიურდა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელმა დაიკავა 1967 წელს. ამ ოპერაციებს 7 ოქტომბრის შემდეგ 122 პალესტინელი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG