რუსეთის ფედერაციის თათრეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ალსუ კურმაშოვას წინასწარი პატიმრობის საწინააღმდეგო სარჩელი.
კურმაშოვას ბრალად ედება, რომ არ გაიარა „უცხოეთის აგენტად“ რეგისტრაცია. 31 ოქტომბრის სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, კურმაშოვა სხდომაში ვიდეოკავშირით ჩაერთო, თათრეთის დედაქალაქ ყაზანის საგამოძიებო იზოლატორიდან.
კურმაშოვას ადვოკატმა მოითხოვა აღკვეთის ისეთი ღონისძიების გამოყენება, რომელიც არ უკავშირდება პატიმრობას. ერთი კვირის წინ გამართულ პროცესზე სასამართლომ კურმაშოვას სულ მცირე 5 დეკემბრამდე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
ალსუ კურმაშოვა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის თანამშრომელია, იგი მუშაობს პრაღაში და აქვს ორმაგი - რუსეთის და აშშ-ის მოქალაქეობა. წელს, მაისში, კურმაშოვა ოჯახური მდგომარეობის გამო ჩავიდა რუსეთში. 10 ოქტომბერს ის დააკავეს და წარუდგინეს ბრალდება, რომ არ გატარდა რეგისტრაციაში, როგორც „უცხოეთის აგენტი“. ამისთვის რუსეთში პატიმრობის მაქსიმალური ვადა ხუთი წელია.