Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ოფიციალურად წაუყენა ბრალი უცხოეთის აგენტების კანონის დარღვევაში


ალსუ კურმაშევა
ალსუ კურმაშევა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 26 ოქტომბერს დააკონკრეტა ბრალდება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას მიმართ. ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაშია ე.წ. უცხოელ აგენტად რეგისტრაციაზე უარის საქმეზე.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, კურმაშევას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნაწილით, რომელიც ეხება უცხოეთის იმ აგენტების რეგისტრაციას, რომლებიც "მიზანმიმართულად აგროვებენ რუსეთის სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური აქტივობების შესახებ ინფორმაციას" და თუ ეს ინფორმაცია უცხოეთის წყაროების ხელში მოხვდება, "შესაძლებელია გამოყენებული იყოს ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ".

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს კურმაშევა არ შეუყვანია უცხოეთის აგენტების სიაში და ჟურნალისტს არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები.

კურმაშევა ბრალდებას უარყოფს.

ალსუ კურმაშევა ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობდა. იგი არის რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი. კურმაშევა აშშ-სა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. რუსეთში იგი ჩავიდა მაისში, ოჯახური მიზეზების გამო.

კურმაშევა დროებით დააკავეს 2 ივნისს, როცა ყაზანის აეროპორტიდან გაფრენას ელოდა, და ორივე პასპორტი ჩამოართვეს.

11 ოქტომბერს კურმაშევა 10 000 რუბლით ($ 103) დააჯარიმეს იმის გამო, რომ თავისი აშშ-ის პასპორტი რეგისტრაციაში არ გაატარა რუსეთში - იუწყებოდა ადგილობრივი მედია.

18 ოქტომბერს კურმაშევა კვლავ დააკავეს, უცხოეთის აგენტად დაურეგისტრირებლობის გამო. დანაშაული ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 23 ოქტომბერს მას სასამართლომ 5 დეკემბრამდე მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა.

კურმაშევას დაპატიმრებას კრიტიკის ტალღა მოჰყვა უფლებადამცველებისგან და პოლიტიკოსებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი მოასწავებს რუსეთში ცენზურის გადასვლას კიდევ უფრო მძიმე, ომის პერიოდის ეტაპზე.

RFE/RL-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფ გედმინმა "ღრმა იმედგაცრუება" გამოხატა სასამართლოს 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამო და გამოვიდა ჟურნალისტის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც შეშფოთება გამოხატა ჟურნალისტის დაკავებაზე და მასთან საკონსულოს თანამშრომელთა დაშვება ითხოვა.

რუსეთს ადანაშაულებენ ამერიკელების დაკავებაში იმისთვის, რომ შემდეგ ისინი აშშ-ში დაკავებულ რუსებში გაცვალონ. კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი, Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, მარტიდან იმყოფება პატიმრობაში ჯაშუშობის ბრალდებით, რომელსაც თავად ის და მისი გამოცემა გადაჭრით უარყოფენ.

XS
SM
MD
LG