ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხი განმარტა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. მისი განცხადებით, სახელმწიფო დელეგაციების განლაგება გამიჯნული იყო.
„პრეზიდენტი სი ძინპინის მოწვევით ვიყავით. როდესაც მასპინძელი ქვეყანა გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, რომ ჩვენ ვიღებთ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ თვითონ ფორუმის, ამიტომ ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც პრეზიდენტმა სიმ გამართა. ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები. ასევე სახელმწიფო მეთაურების და დელეგაციების განლაგება, მათ შორის მინისტრების, იყო გამიჯნული. ამიტომ, ერთიანი სურათის ჩამოყალიბება, ეს არის მონტაჟი. ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რამე სხვა ჟესტი, ამ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეკითხვაზე, რატომ არ დატოვა საქართველოს დელეგაციამ დარბაზი, დავითაშვილმა უპასუხა, რომ ეს არა მარტო დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა, არამედ დააზიანებდა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებს.
18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული „სარტყლისა და გზის" ინიციატივის ფორუმის ფარგლებში გამართული ბანკეტის ვიზუალურ მასალაში ჩანს, რომ ლევან დავითაშვილი დაესწრო იმ ღონისძიებას, რომელზეც ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა.