მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე „ტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების პროტესტი ქუჩის აქციების შემდეგ კარავში გრძელდება. მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ 40 წლის ვადით, უსამართლოდ გადასცა კანიონი კერძო კომპანიას, კვირაზე მეტია კარავში ათევენ ღამეს. ისინი მშენებლობის შეჩერებას და ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით ახალი პროექტის შემუშავებას მოითხოვენ.
„ოდაბადე არ იყიდება“ - აწერია კარვის შესასვლელთან დაკიდებულ პლაკატს. აქტივისტი ბაჩო თვარაძე, რომელიც მერვე დღეა, ამ კარავში იღვიძებს, ამბობს, რომ ყოველდღიურად იზრდება მათი თანამოაზრეების რაოდენობა, ეს კი აქტივისტებს დამატებით სტიმულს აძლევს. ისინი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ იმის მიუხედავად, რომ კომპანია კანიონზე მშენებლობას განაგრძობს.
ბაჩო თავაძის თქმით, აქტივისტებს მთელი დღის განმავლობაში უწევთ ტერიტორიის მონიტორინგი, რათა სამუშაოების მიმდინარეობისას დარღვევებიც არ გამორჩეთ.
„დილა იწყება ადრიანად, ექვს საათზე. ძალიან დიდი ტერიტორიაა და გვიწევს აქტიური "პატრულირება", რომ მოვასწროთ დარღვევის დაფიქსირება და გარემოს [გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა] გამოძახება. ხალხი ყოველდღე ამოდის სოფლიდან და მთელი დღე ჩვენთან რჩება. დაახლოებით 40-50 ადამიანი მაინც ამოდის ყოველდღე, ღამე კი 4-5 ადამიანი ვმორიგეობთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაჩო თავაძემ.
როგორც „ბალდის კანიონის გადასარჩენად“ გაერთიანებული ახალგაზრდები ირწმუნებიან, უკვე არაერთი დარღვევა დააფიქსირეს. მაგალითად, თაზო რუხაია ამბობს, რომ კომპანია „კანიონი 350“, რომელმაც იჯარით აიღო ბალდის კანიონი, გასცდა თავის სამოქმედო ტერიტორიას და ღობის გავლებისას დამატებითი მიწა მიითვისა. როგორც ის აღნიშნავს, „კანიონი 350-მა“ ღობე გაავლო და რკინის კონსტრუქცია [კონტეინერი] განათავსა საავტომობილო გზის პირზე, სახელმწიფო მიწაზე.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ მარტვილის მერიის ზედამხედველობის სამსახურს 11 სექტემბერს მივაწოდეთ ინფორმაცია. მერიამ ერთი თვის შემდეგ, 11 ოქტომბერს, მისცა კომპანიას გაფრთხილება - გამოუკრა ოქმი კონტეინერზე, რომ არის აშკარა კანონდარღვევა, რომ ეს ღობე და კონტეინერი არის სახელმწიფო საკუთრებაზე და ცდება იმ ტერიტორიას, რაც იჯარით, მაგრამ უკანონოდ მიეცა კომპანიას. კომპანიისთვის მიცემული იყო 2 კვირა და ამ ვადაში მათ უნდა აეღოთ ეს კონტეინერი, მოეხდინათ ღობის დემონტაჟი, უნდა მოექციათ ის იჯარით გაცემულ ფართში... 26 ოქტომბერს გავიდა ეს 2 კვირა და ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი რეაგირება... გვაქვს ეჭვი, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური თავის სამუშაოს ვერ ასრულებს სრულყოფილად“, - თქვა თაზო რუხაიამ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავაც ადასტურებს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შესული განცხადების საფუძველზე დაათვალიერა ტერიტორია და დარღვევებზე გაფრთხილება გასცა, თუმცა რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამის გამო კომპანიას, მერია ვერ წყვეტს. ალექსანდრე ხურცილავას განმარტებით, ბალდის კანიონი სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაშია, ამიტომ ზომები მათ უნდა მიიღონ:
„მუნიციპალიტეტის ტერიტორია არ არის. ამიტომ მივმართეთ ჩვენ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს და სატყეო სააგენტოს...ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს საქმის წარმოება. დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მათი მხრიდან უახლოეს პერიოდში ველოდებით პასუხს. უნდა გვაცნობონ ჩვენც, თუ რა ზომები გატარდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავამ.
სანამ სახელმწიფო სტრუქტურები დარღვევებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ზომებზე ფიქრობენ, „კანიონი 350“ მშენებლობას განაგრძობს. კომპანიის დირექტორმა გიორგი მერკვილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოთხოვნა სამუშაოების შეწყვეტაზე უსაფუძვლოა, ისევე როგორც ბრალდებები სხვადასხვა დარღვევაზე.
ის აპროტესტებს მერიის მხრიდან მიღებულ გაფრთხილებას და აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას თავადაც მიმართა საპასუხო წერილით, რომელშიც ასაბუთებს, რომ ღობე ზოგ მონაკვეთზე იჯარით აღებული ტერიტორიის ფარგლებს რამდენიმე მეტრით გასცდა, მშენებლობისას უსაფრთხოების ზომების ნორმებიდან გამომდინარე:
„ღობეს გადავწევ იქ, სადაც იჯარით გადმოგვეცა მიწა, როცა მორჩება მშენებლობა. ეს ღობე არავის ხელს არ უშლის. არავის არ ვზღუდავთ და არავის გზას არ ვუკეტავთ. იმიტომ რომ იქ არც არაფერი არ ხდება, კანიონის გარდა. ეს ღობე ჩვენ გვიკეთებს იმ სამსახურს, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული და ზევიდან არავინ არაფერი არ დააგოროს. ვინ იქნება პასუხისმგებელი, ზევიდან რომ ვინმემ ქვა დააგოროს?... კონტეინერიც, სხვა ადგილი არ არსებობდა და დავდე იქ, სადაც ადგილი იყო. ამ კონტეინერშია სამშენებლო ინსტრუმენტები. ამასაც ჯიბით ხომ არ ვატარებთ. ეს რომ ხევში ჩამედგა, მერე გენახათ, ესენი როგორ იყვირებდნენ - ხევში კონტეინერი ჩადგაო“, - თქვა გიორგი მერკვილაძემ.
მისი სიტყვებით, "აქტივისტები ხავსს ეჭიდებიან" და კანონდარღვევად აფასებენ გზაზე სამშენებლო ხრეშის დაყრასაც. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ხეობის რთული რელიეფიდან გამომდინარე, ხრეშის დაყრა მოუწიათ სოფლის შიდა გზაზე, რისთვისაც მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეს და კომპანიის დაჯარიმება მოითხოვეს.
„ეს ერთი გზაა მარტო. მარცხნივ მთაა და ქვევით ხევია... მეც დავყარე გზაზე და შევიტანე. ჯარიმა ჯერ არ გამოწერილა, სასამართლოში შევა და ის გადაწყვეტს... შეიძლება, სულ არ გამოწეროს, იმიტომ რომ სხვა გზა როცა არ არის, ხრეშს ჯიბით ხომ ვერ შევიტან მშენებლობაზე?! უსაქმური ხალხია, რომლებიც დასდევენ აბსოლიტურად ყველა სისულელეს“.
როგორც გიორგი მერკვილაძე ამბობს, პროტესტის მონაწილეები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ტერიტორიის იჯარით გაცემის და მშენებლობის შესახებ სოფელი ინფორმირებული არ ყოფილა. მისი თქმით, მოსახლეობას პროექტი გააცნეს და წინააღმდეგიც არავინ ყოფილა. გიორგი მერკვილაძე მიიჩნევს, რომ აქტივისტებს მშენებლობის შეჩერება სურთ, რადგან თავად უნდათ ამ ტერიტორიიდან ფინანსური სარგებლის მიღება:
„ესენი არიან გამომძალველები... მე რომ ჩავედი მანდ, მოვიდნენ და პირდაპირ მომთხოვეს 6% ჩვენ უნდა გადაგვიხადოო. სახელმწიფოს კი არა, ჩვენ უნდა გადაგვიხადოო... ერთი დღე არ გასულა ისე, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. ეძახიან, შე მონა!“
კომპანიის დირექტორის ბრალდებები არ უკვირთ აქტივისტებს. როგორც ბაჩო თავაძე ამბობს, მსგავსი ტყუილით მშენებლობაში ჩართული მხარეები ცდილობენ, გაექცნენ პასუხისმგებლობას და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი არ გასცენ.
„რაც ყველაზე მეტად გვაბედნიერებს ამ პროცესში, ის არის, რომ მათ ყოველდღიურ უსამართლობას ჩვენი უფრო დიდი შემართება მოსდევს. მაგალითად, თუ გუშინ 500 ვიყავით, დღეს უკვე 700 ვართ“, - თქვა ბაჩო თავაძემ.
მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუჩის პროტესტთან ერთად სასამართლოსაც მიმართეს. ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, რომელიც ბალდელებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, სასამართლოში 22 სექტემბერს შეიტანა სარჩელი, მშენებლობის შესახებ დავის განხილვის ვადაში შეჩერდეს კანიონზე მიმდინარე სამუშაოები.
როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, სასამართლომ დროებითი ზომის მიღებაზე უსაფუძვლოდ თქვა უარი. მიუთითა, რომ სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ გადაწყვეტილება ბალდის კანიონის კერძო პირისთვის იჯარით გაცემაზე და იქ მშენებლობის დაწყებაზე, სასამართლოსთვის მიმართვამდე თითქმის 1 წელი მოქმედებდა და ამიტომ მისი შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. როგორც ორგანიზაციაში მიაჩნიათ, თავის მსჯელობაში სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კანიონის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა გვიან შეიტყვეს.
როგორც “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” სოციალური პროგრამის დირექტორმა სალომე შუბლაძემ განაცხადა, სასამართლოს კვლავ მიმართავენ სარჩელით, ამჯერად ძირითადი გადაწყვეტილების უკანონობის დადგენის მოთხოვნით. საუბარია „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ მიერ ბალდის კანიონის კერძო პირისთვის იჯარით გაცემის გადაწყვეტილებაზე.
სააგენტომ კანიონი, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანია „კანიონი 350-ს" 2022 წელს გადასცა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია, კანიონი, 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით, ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქციოს, ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. ბალდელების ნაწილი პროექტის წინააღმდეგია. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათთან გასაუბრების გარეშე გადაწყვიტა სოფლის ბედი. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მშენებლობის შემდეგ ბალდის კანიონი დაკარგავს ბუნებრივ სილამაზეს და მოხდება მისი „ჩაბეტონება“.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ „გარკვეული ჯგუფები“ შეცდომაში არიან შეყვანილი. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ, ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ტერიტორია აუქციონში გამარჯვებულ კომპანიაზე კანონის დაცვით გაიცა იჯარით. ის ირწმუნება, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობასთან პროექტის დეტალებიც განიხილეს. როგორც დეკანოიძე ამბობს, იჯარის ვადა 20 წელია, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება გაგრძელდება, თუ მას შესრულებული ექნება ყველა ვალდებულება.
კანიონზე სამშენებლო სამუშაოები აპრილიდან მიმდინარეობს. ტერიტორია შემოღობილია და იქ მხოლოდ მუშები შედიან.