Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა


მარნეულში გამართული აქციის მონაწილეები
მარნეულში გამართული აქციის მონაწილეები

მარნეულში 100-მდე ადამიანმა მსვლელობა მოაწყო პალესტინის მხარდასაჭერად. Radio Marneuli გამოცემა Aktual.ge-ზე დაყრდნობით წერს, რომ პალესტინის მხარდამჭერი აქცია მარნეულში „აზერბაიჯანის სახლის“ მიმდებარე პარკში დაიწყო. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ იმამ ალის მეჩეთის (წითელი მეჩეთის) ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევი და კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში ალი ალიევი.

ჰაჯი ჰაჯიევმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე თავდასხმის შესახებ დუმილი ისრაელის მხარდაჭერის მაჩვენებელია. Radio Marneuli-ს თარგმანის მიხედვით, ჰაჯი ჰაჯიევმა თქვა, რომ შეიკრიბნენ იმისთვის, რათა „საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციების მიუხედავად, დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი სიონისტი ისრაელის რეჟიმზე ხმა ამოვიღოთ“.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა საქართველოში ალი ალიევმა გააკრიტიკა ისრაელი, აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნატოს წევრი ქვეყნები და ევროკავშირი და მათ „ტერორისტული სახელმწიფოები“ უწოდა, ალიევმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

"ბაიდენმა თქვა, ჩვენ რუსეთზე და ღაზაზე გავიმარჯვებთო. მე კი აქედან ვამბობ, რომ ვერ გაიმარჯვებთ, ორივეგან დამარცხებულები ხართ, დამარცხდებით კიდევაც. ისლამის ძალები სულ იმარჯვებდა თქვენზე და ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით აქ მონაწილეობისთვის. ორგანიზატორებსაც ვუხდი მადლობას“, - განაცხადა ალი ალიევმა.

ოფიციალური თბილისი მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 9 ოქტომბერს მიიღო ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი და "დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა".

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის ელჩთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში 9 ოქტომბერს დაწერა, რომ "ამ რთულ დროს ქართველი ხალხი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას!".

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.

ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, ქუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.

განახლება: თავდაპირველ მასალაში აქციის ერთ-ერთი სპიკერის, ალი ალიევის პოზიცია არაზუსტად იყო მითითებული. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თქმით, იგი 2023 წლის იანვრიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

XS
SM
MD
LG