რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ოკუპირებული სინაგური საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევს ესაზღვრება და იქ საოკუპაციო ძალის სამხედრო ბაზაა განთავსებული.
სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“.
ბოლოს საქართველოს მოქალაქე სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასული წლის სექტემბერში დააკავეს. მისი გათავისუფლება თებერვალში მოხერხდა.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში საქართველოს 5 მოქალაქეა. მათი გათავისუფლების საკითხს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 1 ნოემბერს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, დააყენებენ.