Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ადვოკატი რომ მოგთხოვათ და უარი უთხარით, ეს თუ გახსოვთ?” - ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლე გამომძიებელს


მოსამართლე ზვიად შარაძე
მოსამართლე ზვიად შარაძე

30 ოქტომბერს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლომ 1 მოწმე დაკითხა, გამოიკვლია ვიდეომტკიცებულებები და გრიგორიადისის ტელეფონიდან ამოღებული ჩანაწერები იმ ჯგუფიდან, სადაც აქციებზე მოსიარულე ადამიანები ერთმანეთს უსაფრთხოების და თავდაცვის წესებს უზიარებდნენ.

ასევე, განიხილავდნენ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევაში ორგანიზებული წინააღმდეგობის ეფექტურ მეთოდებს.

პროკურატურის მოწმე, ვინც სასამართლოს ჩვენება მისცა, იყო გამომძიებელი თამარ ბახია. ის სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო. ესაა პოლიციელი, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისისგან პირველი ჩვენება მიიღო სამმართველოში მისი დაკავების შემდეგ. ეს გამოკითხვა 21 წლის გრიგორიადისმა ადვოკატის გარეშე მისცა სამართალდამცველს - გამომძიებლები ამბობენ, რომ ის არ ყოფილა წინააღმდეგი ადვოკატის გარეშე ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თავად გრიგორიადისი კი უკვე მეორე სხდომაა ამტკიცებს, რომ ის ითხოვდა ადვოკატს და ერთი ზარის უფლებას და ეს ორივე უფლება პოლიციის სამმართველოში მას შეეზღუდა. გამომძიებელი, რომელიც დღეს სასამართლომ დაკითხა, გადაჭრით აცხადებდა, რომ “გრიგორიადისის დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა”, “ზუსტად ახსოვს, რომ მას მიაწოდა ინფორმაცია ადვოკატის ყოლის უფლების შესახებ” და “იმ დროს, როცა ლაზარე გრიგორიადისი ჩვენებას აძლევდა, მის სამუშაო ოთახში არავინ შესულა და არც არანაირი ნივთი არ შეუტანია“.

ლაზარე გრიგორიადისის მიერ დასმული კითხვებიდან კი ასეთი სურათი იხატება: მისი დაკითხვისას თამარ ბახია მისმა კოლეგამ და სავარაუდოდ ზემდგომმა, ოთახიდან გაიხმო. მასთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ უკან, ბრალდებულთან დაბრუნებულმა გამომძიებელმა გრიგორიადისს უთხრა, რომ ადვოკატი ამ შემთხვევაში არ ეყოლებოდა. გრიგორიადისი ითხოვდა ოჯახის წევრებთან დარეკვის უფლებას, რათა მათთვის ეთქვა, რომ პოლიციამ დააკავა - გამომძიებელმა მას არც ამის უფლება მისცა. იმ დროს, როცა გრიგორიადისს კითხავდნენ, პოლიციის სამმართველოში მოიყვანეს მისი მეგობარი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით ბრალდებულის ის ფეხსაცმელი მიიტანა მტკიცებულებად, რაც ლაზარეს აქციების დროს ეცვა.

“გამოკითხვას როდესაც აწარმოებდით, ვიღაც კაცმა გაგიყვანათ, როცა ვიკითხე, რომ ადვოკატის ყოლა მინდა, რომ დაესწროს-მეთქი. ვინ იყო ის კაცი, თუ შეგიძლიათ მითხრათ?”

“მის ოფისშიც [ოთახშიც] ვიჯექი და იქაც მკითხავდა ეგ ადამიანი და თუ იცით, ვინ არის ეს ადამიანი?”

“როდესაც გამოკითხვას აწარმოებდით, მაგ ადამიანმა გაგიყვანათ ჩემი გამოკითხვის დროს და ეგ ადამიანი ვინ იყო, სახელი და გვარი თუ შეგიძლიათ გვითხრათ?”

“როდესაც თქვენ განმიმარტეთ, რომ ადვოკატის ყოლის უფლება მქონდა, მე დაგეთანხმეთ. ცოტა ხანში დაგიძახათ რომელღაცა კაცმა, თქვენ თვითონ უნდა გახსოვდეთ…”

ლაზარე გრიგორიადისის ამ კითხვების პასუხად გამომძიებელმა უარყო, რომ გამოკითხვის დროს ის ვინმემ ოთახიდან გაიყვანა და ისიც, თითქოს ჩვენების მიცემისას ამ ოთახში სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ.

“ადვოკატი რომ მოგთხოვათ და უარი უთხარით, ეს თუ გახსოვთ, მაშინ?” - ჰკითხა მოწმეს მოსამართლე ზვიად შარაძემ.

“ადვოკატი არ მოუთხოვია. თანახმა იყო ადვოკატის მოწვევის გარეშე [ჩვენების მიცემის]”, - უთხრა სასამართლოს გამომძიებელმა. მისი მტკიცებით, გრიგორიადისის ტანსაცმელი და ფეხსაცმელია მისი ნებართვით ამოიღეს, თუმცა მხოლოდ დაკითხვის დასრულების შემდეგ. მას არ ახსოვს, ვინ მოიტანა პოლიციაში ეს ნივთები. თამარ ბახიას გაუჭირდა იმის გახსენებაც, ვინ იყო ის ორი მოწმე, რომლებიც ამ საქმის ფარგლებში მან დაკითხა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლაზარე გრიგორიადისი, როგორც გახმაურებული საქმის ბრალდებული, მას კარგად დაამახსოვრდა.

ლაზარე გრიგორიადისი დაკავების შემდეგ სამართალდამცველებთან მარტო, ადვოკატის გარეშე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო - ის მეგობრის ბინიდან აიყვანეს უკვე ბრალდებულის სტატუსით და ადვოკატის ნახვის უფლება პირველად წინასწარი დაკავების იზოლატორში მიეცა.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონპროექტი. კანონპროექტი უმრავლესობის ნაწილმა - "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა, თუმცა მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია "ქართული ოცნება". ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას, აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო.
ამ პროცესს 7-9 მარტს მოჰყვა მასშტაბური საპროტესტო აქცია თბილისსა და დანარჩენ საქართველოში. 10 მარტს მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია.

“რევოლუციის ინსტრუქციას იძლევი ახლა”

მოსამართლე ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად გასვლას 17 ნოემბერს გეგმავს - შესაბამისად, საქმე სასამართლოში თითქმის ფინალურ ეტაპზეა გადასული. დარჩენილია რამდენიმე მოწმის გამოკითხვა. მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს დასრულდა იმ ვიდეოჩანაწერების განხილვით, რაც ლაზარე გრიგორიადისის მეგობრის ბინის სადარბაზოს კამერიდან არის ამოღებული, სადაც ბრალდებული მარტის დასაწყისში ხშირად მიდიოდა და დიდი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროებით, სადაც ჩანს როგორ ცდილობდნენ “აგენტების შესახებ” კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ადამიანები თავის დაცვას პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შემთხვევაში და განიხილავდნენ წინააღმდეგობის გზებს იმ შემთხვევისთვის, თუკი სპეცრაზმი მოქალაქეების დარბევას დაიწყებდა.

“Protectyourselfchat” - ასე ჰქვია იმ ჯგუფს ერთ-ერთ მესენჯერში, რომლის მიმოწერაც პროკურორებმა დღეს სასამართლოს მტკიცებულებად წარუდგინეს.

"ჩატები" ლაზარე გრიგორიადისის საქმის კონტექსტში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ახსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ივნისს იმის დასტურად, რომ მარტის აქციები მართული იყო "ანარქისტული ორგანიზაციებისგან".

"ჩვენ ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს, ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლქვეშაა, როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას", - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან 3 თვის წინ. ჩატების გახსნაზე ოპოზიციონერი დეპუტატის რეპლიკას კი ასე უპასუხა: "[ჩატები] გამოძიების ფარგლებში ამოიღეს, თქვენი საქმე არაა, ვისი ჩატები გავხსენით".

“ამ ჯგუფის ადმინი ვინ იყო? "იმედიდან" გავრცელდა, როგორც მახსოვს, რომ მე ვიყავი ამ ჯგუფის ადმინი და დაადგინეთ ვინ იყო?” - იკითხა ლაზარე გრიგორიადისმა 20 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე. კითხვის პასუხით გაირკვა, რომ გამოძიებას არ აქვს დადგენილი არც ის, ვინ მართავდა ამ ჯგუფს და არც ის, ვინ არიან ადამიანები, ვინც ამ ჯგუფში წერდნენ. პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ თქვა, რომ ამ ადამიანების ვინაობას ამ კონკრეტული საქმის გამოძიებისთვის “მნიშვნელობა არ აქვს”.

“გამოძიებას დადგენილი აქვს ის, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯგუფი არსებობდა, ჯგუფში იყვნენ გაწევრიანებული შესაბამისი პირები სხვადასხვა სახელებით, შეიძლება ეს სახელები არსებული პიროვნებების სახელებს არ შეესაბამებოდა და შესაბამისი მიმოწერები არსებობდა. მიმოწერები იყო დაკავშირებული ამ აქციებთან, გამოსაყენებელ საშუალებებთან…” - უთხრა სასამართლოს პროკურორმა. ის სასამართლოს ფრაგმენტულად უკითხავდა მიმოწერის მხოლოდ იმ ნაწილებს, სადაც პოლიციელებისთვის საღებავების, კვერცხებისა და პამიდვრების სროლის საკითხი, “მოლოტოვის კოქტეილების” სროლის მართებულობა ან ისე შენიღბვის ტექნიკა განიხილებოდა, რომ პოლიციას გართულებოდა მათი ამოცნობა.

“შავი სპორტული ტანსაცმელი უფრო კომფორტულია, შავი ფერით ადვილად შეერევით ხალხის ჯგუფს და პოლიციას გაუჭირდება ამოცნობა…”

“მხუთავმა აირმა კანი რომ არ გააღიზიანოს, სხეულის ყველა ნაწილი დაფარეთ ტანსაცმლით…”

“მსუბუქი ზურგჩანთა, რომელიც შეტაკების ან გაქცევის დროს ხელს არ შეგიშლით, მაგრამ საჭირო ნივთებს დაიტევს. პირველადი დახმარების პაკეტი, სანტავიკი და ჭრილობის სახვევები რაღაც მომენტში შეიძლება საჭირო გახდეს…

“თან იქონიეთ ქეში, გარეთ ყოფნისას მობილური თუ დაგიჯდათ და ბარათი არ გაქვთ, ტაქსს ისე ვერ გამოიძახებთ, საკვებს ვერ იყიდით და ა.შ. თან სუს-ი ვერ გააკონტროლებს თქვენს საბანკო ტრანზაქციებს”.

“აქ ერთ-ერთი იწერება, მოლოტოვს ვინც გაააკეთებს, მე მსროლელი ვარო… შემდეგ ლინკია ჩაგდებული [“მოლოტოვის რეცეპტის”]”

“ხომ ხართ ყველანი ბრძოლისთვის მზადო?”

“თქვენი მხრიდან აუცილებელია ნიღბები, რომელიც იყიდება აფთიაქებში და უმსხვრევი მასალისგან დამზადებული თვალებზე მჭიდროდ მორგებული სათვალეები, მინიმუმ ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადეები. მნიშვნელოვანია არ ჩავარდეთ პანიკაში თუკი იქნებით ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების ქვეშ…”

“უკან დახევისას ავირჩიოთ ერთი კონკრეტული უსაფრთხო მიმართულება და უაზრო პანიკური მოძრაობით ნუ შევუშლით ხელს მოქალაქეებს….”

“წყლის ჭავლის მანქანის ბორბლის დაშვება რამდენად შესაძლებელია?”

“დაკავების შემდეგ არ გაუწიოთ პოლიციას ფიზიკური წინააღმდეგობა, ესაუბრეთ ქართული სპორტის, კულტურის, ეკონომიკის, ფილოსოფიის განვითარების შესაძლებლობებზე და განსხვავებებზე დასავლეთთან და რუსეთთან დაახლოების შემთხვევებში და მათი, როგორც სამართალდამცველების როლის მნიშვნელობაზე საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერისთვის…”

“მთავარია არ დავიღალოთ…”

“რევოლუციის ინსტრუქციას იძლევი ახლა”, - ამ ირონიული რეპლიკით გააწყვეტინა პროკურორს მიმოწერის კითხვა ლაზარე გრიგორიადისმა. მან სასამართლოს განუმარტა, რომ ჯგუფი, რომლის მიმოწერაც გასაჯაროვდა, თავდაცვისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის იყო შექმნილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შეეძლო გაწევრიანება, მათ შორის ანონიმურადაც.

“იქ ეძებს, სადაც არ არაფერი არ არის”, - ესეც ლაზარე გრიგორიადისის რეპლიკაა მტკიცებულებების გამოკვლევის დასასრულს. ამ დრომდე პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი ნამდვილად წვავდა პოლიციელის ავტომობილს და ისროდა “მოლოტოვის კოქტეილს”, პროკურატურას არ წარუდგენია.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

XS
SM
MD
LG