Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს" - ღარიბაშვილი 7-9 მარტის აქციებზე


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 7-9 მარტის აქციებზე ილაპარაკა და თქვა, რომ მასში მონაწილე ახალგაზრდები "გამოიყენეს" და "ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები". ამის შემდეგ ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქმეზე "მთელი ინფორმაცია აქვთ", რადგან "ჩატები გახსნეს".

"ეს ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, "ფრანკლინის კლუბი" დაარქვეს. რეალურად იყო ლევან რამიშვილის კლუბი, "კმარას" კლუბი, რომ ახალგაზრდას ასოციაცია გაუჩნდეს ამერიკასთან და ბენჯამინ ფრანკლინთან. ესეც ხომ მორიგი ფანდი იყო?!

სად არის დღეს ანარქისტული ორგანიზაციები? რატომ არ აქტიურობთ? რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ შემდეგ. ეს ახალგაზრდაც (ლაზარე გრიგორიადისი - რედ.), სხვებიც გამოიყენეს, ასროლინეს "მოლოტოვის კოქტეილები". ჩვენ ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს, ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლქვეშაა, როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას", - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან. ჩატების გახსნაზე ოპოზიციონერი დეპუტატის რეპლიკას კი ასე უპასუხა: "[ჩატები] გამოძიების ფარგლებში ამოიღეს, თქვენი საქმე არაა, ვისი ჩატები გავხსენით".

მანამდე ღარიბაშვილმა მარტის აქციების საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე, სასამართლოს განაჩენამდე, ისევ მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ "მან სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა" და "ვერავინ გამოიყვანს ციხიდან".

"არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია, არც არაფერი საერთოდ. ყველა, ვინც ხელს აღმართავს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, ეს დაიმახსოვრეთ ყველამ.

გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა და მისი ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა. არ მაინტერესებს, ვინ არის... არავის ვაპატიებთ ასეთ რამეს - ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან, რატომ არ იცავენ, რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან? ვერავინ ვერ გამოიყვანს. ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს მას, ვინც პოლიციაზე აღმართავს ხელს", - ამბობს ის.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. მას ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.

3 აპრილს, როცა გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულია 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდამსხმელი.

"რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა", - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).

ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

XS
SM
MD
LG