Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 პედაგოგს „მასწავლებლის ეროვნული პრემია" გადასცეს


მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახლად დაფუძნებული „მასწავლებლის ეროვნული პრემიის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე 11 პედაგოგს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული პრემია - სამკერდე ნიშნები და ჯილდო (10 000 ლარი).

დაჯილდოვდნენ:

  • მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
  • ვენერა აბუსელიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
  • კახაბერ ჩაკვეტაძე – იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიტირის სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
  • მარინა ბერიანიძე – ქვემო ქართლი, წალკა, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
  • მედეა ბორჩაშვილი – კახეთი, ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ დიუსის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ნაზიბროლა მიქელაძე – აჭარა, ხულო, აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ნუნუ ანდღულაძე – გურია, ჩოხატაური, ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი;
  • პეტრე ბაბილუა – თბილისი, ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
  • სამირა ისმაილოვა – ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასმულოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • ელმირა ქსპოიანი – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ნინო ჯალაღონია – თბილისი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა საპრომოციო ვიდეორგოლი, რომელშიც ასახულია მუშაობის პროცესი და ჩანან კომისიის წევრები. ამ ვიდეოდან ირკვევა, რომ საუკეთესო მასწავლებლების გამოვლენის პროცესში ჩართული იყვნენ ექიმი თემურ მიქელაძე, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი და ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ქეთი დუმბაძე, კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის" წამყვანი ნოე სულაბერიძე. კომისიის მუშაობის კადრებში ჩანან ასევე ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, ფილოლოგი გია მურღულია, პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი, ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე. ამ ვიდეოს მიხედვით, კომისიას განსახილველად ჰქონდა 30-წევრიანი სია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, გამოცხადდება მასწავლებლის ეროვნულ დღედ.

ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული ღონისძიების პარალელურად, რამდენიმე მასწავლებელმა განათლების მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.

ოპერისა და ბალეტის თეატრთან მასწავლებლებმა განათლების მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.
ოპერისა და ბალეტის თეატრთან მასწავლებლებმა განათლების მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან განაცხადა, რომ გაიზრდება მასწავლებლების ხელფასი.

„გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც, სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება", - თქვა ღარიბაშვილმა.

ერთ-ერთი თემა, რომელსაც პრემიერი შეეხო, სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობა იყო.

„მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ წინა წელს ჩემი გადაწყვეტილებით დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს 1000-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, რომელშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, დაახლოებით 400 სკოლა უკვე არის შერჩეული და მიმდინარეობს ამ 400 სკოლაში სამუშაოები. ასევე 1000 საბავშვო ბაღის რემონტი, რეაბილიტაცია არის დაწყებული. ამ პროექტშიც ასევე 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ზოგადად განათლების ხარისხის მნიშვნელობის გაზრდა. ასევე, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე თუ სხვა, უფრო ეფექტური სისტემის შემუშავებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

23 ოქტომბერს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მშობლებმა და ბავშვებმა აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს - ისინი მე-11 სკოლის გაჭიანურებულ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილე მშობლები მედიასთან ამბობენ, რომ მათი შვილები უკვე მესამე წელია, სხვა სკოლის შენობებში არიან შესახლებული, სადაც დღის მეორე ნახევარში სწავლობენ და უფრო მოკლე გაკვეთილები უტარდებათ, მათი ტრანსპორტირებისთვის კი მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსები გამოიყენება. ისინი უკმაყოფილო არიან სამინისტროს კომუნიკაციითაც - აქციაზე სახელმწიფოს არცერთი წარმომადგენელი არ მისულა მშობლებთან დასალაპარაკებლად.

მე-11 სკოლა არ არის ერთადერთი, რომლის მოსწავლეებიც წლებია სხვა სკოლის შენობაში სწავლობენ იმის გამო, რომ მათი სკოლა რემონტდება ან ხელახლა შენდება - იგივე პრობლემა აქვს ათობით სკოლის ასობით მოსწავლეს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

განათლების სამინისტრო არ გასცემს საჯარო ინფორმაციას იმ სკოლების შესახებ, რომლებშიც რემონტის და რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და არც იმას განმარტავს, რამდენ ბავშვს უწევს სხვა სკოლის შენობაში სწავლა მეორე ცვლაში და მოკლე გაკვეთილებით.

XS
SM
MD
LG