ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ „12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს".
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ის რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი „ტვიტერი") დაწერა: „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“.
ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, - დაწერა ოლივერ ვარჰეიმ სოციალურ ქსელში.
სავარაუდოდ, ნოემბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.