8 სექტემბრის საღამოს დასრულდა ჟოზეპ ბორელის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში, - ქვეყანაში, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა სურს, მაგრამ მისი მთავრობა ისე იქცევა, რომ შინ თუ გარეთ - მათ შორის, რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, უკვე ბრიუსელშიც კი - ცოტა არ იყოს, ამ განაცხადის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე იყო რამდენიმე უხერხული მომენტი. კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ოფიციალურ თბილისსა და ბრიუსელს საკვანძო საკითხებზე სრულიად საპირისპირო ხედვები აქვთ.
„ჩვენი მხრიდან მაქსიმუმია გაკეთებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დარჩენილ, დიდ სამუშაოზე მიუთითა.
ეს იყო ბრიუსელიდან მაღალი დონის, სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტი ქვეყნის ბედის გადაწყვეტამდე: ოქტომბერში ევროკომისია ვრცელ ანგარიშს წარადგენს, რაზე დაყრდნობითაც წლის ბოლოს წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, წაიწევს თუ არა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე.
რა განწყობით ბრუნდება ჟოზეპ ბორელი თბილისიდან ბრიუსელში?
„ვიზიტი მნიშვნელოვან დროს“
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვიდა - დატვირთული დღის წესრიგით:
- იმავე საღამოს მთაწმინდაზე, არაფორმალურ ვახშამზე უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საუბრის დეტალები უცნობია;
- პარლამენტში შეხვდა სპიკერ შალვა პაპუაშვილს, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს - 14 დეპუტატს;
- პრემიერ-მინისტრს ოფიციალურადაც შეხვდა, - ჯერ ორმხრივ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში. პრესისთვის ერთად გამართეს ბრიფინგი, რომელმაც საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა;
- მოგვიანებით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მმართველი გუნდი იმპიჩმენტით ემუქრება;
- ბოლოს კი საოკუპაციო ხაზი მოინახულა - კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
სამი ძირითადი გზავნილი
8 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზეპ ბორელმა თავად გამოყო ის 3 ძირითადი გზავნილი, რაც ბრიუსელიდან ჩამოიტანა:
- საქართველო, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ევროპულ ოჯახს ეკუთვნის; ქვეყნის 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, რაც ყველგან ჩანს - თბილისი სავსეა ევროპული დროშებით - უფრო მეტი ევროპული დროშაა, ვიდრე ბრიუსელში. ჩვენი კარი ღიაა, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია, ასე რომ, განაგრძეთ 12 რეკომენდაციის შესრულება;
- „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამას გავაგრძელებთ, სანამ საჭიროა… მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენი მჭიდრო პარტნიორი კოორდინირებულად მუშაობდეს საერთაშორისო დონეზე, რომ რუსეთი იზოლირებული იქნეს“.
- „ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს… უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას“.
ამ გზავნილებს მიღმა, ჟოზეპ ბორელის განცხადებებში რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რომელთა გადაწყვეტაც, დიდი ალბათობით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მომავალ ნაბიჯებზე მოახდენს გავლენას.
ბორელის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერდა, რომ ბრიუსელში პირველად მოისმინა მოსაზრება, რომელიც აქამდე მხოლოდ საქართველოს ოპოზიციური წრეებისგან ესმოდა: რომ „მთავრობა შეიძლება შეგნებულად ცდილობდეს კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებას, რათა შემდეგ ბრალი ბრიუსელს წაუყენოს და ამომრჩევლებს აჩვენოს, რომ ევროკავშირი სანდო არ არის და საქართველოს მიღებას არც არასოდეს აპირებდა“.
ჟოზეპ ბორელის ვიზიტი, - საქართველოზე მოსაზრების გამოქვეყნებისა და გადაწყვეტილების მიღებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, - სავარაუდოდ, ამ საკითხის გარკვევასაც ისახავდა მიზნად.
ერთი, რაც ნამდვილად გაირკვა, საკვანძო საკითხებზე თბილისსა და ბრიუსელს შორის თვალშისაცემი აცდენებია.
12 რეკომენდაცია - „მაქსიმუმი გაკეთდა“?
საქართველოს მთავრობის მეთაურის მტკიცებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის „ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია“. მისი თქმით, დარჩენილია „რამდენიმე რეკომენდაცია“, რომელთა შორის მან სამი გამოყო:
- დეპოლარიზაცია - რომლის შეუსრულებლობაზეც პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა;
- „დეოლიგარქიზაცია“, რაზეც, მისი თქმით, ახლა „ოცნება“ მუშაობს და ძალიან მალე მიიღებს სამოქმედო გეგმას;
- სასამართლო რეფორმა - „ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია და დღეს სასამართლო არის მართლაც სანიმუშო სისტემა“; „ოცნება“ ახლა ელოდება ვენეციის კომისიისგან საბოლოო რეკომენდაციებს და „ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება“.
მაგრამ ჟოზეპ ბორელი, და ის ევროკომისიის მიერ რამდენიმე კვირის წინანდელ გაკეთებულ ზეპირ მოხსენებას ეყრდნობა, იმეორებს, რომ სრულად მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული. დანარჩენი 9 ჯერაც შესასრულებელია.
როდესაც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი „იმედის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რომელია ის ძირითადი რეკომენდაციები ჩამოთვლილი 12-დან, რომლებიც უფრო პრიორიტეტულია, ბორელმა 12-ვე დაასახელა.
და მას შემდეგ, რაც უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკომისიის მოსაზრებამდე დარჩენილ მოკლე დროში გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები კიდევ ერთხელ ჩამოთვალა, პრემიერ-მინისტრისგან ასეთი პასუხი მიიღო:
საგარეო პოლიტიკაში თანხვედრა მცირდება
ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, - როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.
ბორელის შეფასებით, „საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი“:
„საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თავსებადობაში და ყველა ქვეყნისადმი მოთხოვნაც ეს არის“, - დასძინა მან და განმარტა, რომ ევროკავშირის ქვეყნები საერთო საგარეო პოლიტიკაზე უნდა თანხმდებოდნენ.
ჟოზეპ ბორელმა უარყოფითად შეაფასა რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენაც.
ამ კრიტიკაზე პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა „ყველას შეახსენა“, რომ საქართველო არ არის დღეს არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა: „ჩვენი ქვეყანა დღეს მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.
მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის გარკვეულ რეზოლუციებსა და განცხადებებს „ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“ არ უერთდება, რამეთუ ითვალისწინებს „არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეებს, რისკებს“.
„იმპიჩმენტი პოლარიზაციას გააღრმავებს“
ჟოზეპ ბორელმა, - პოლარიზაციის უარყოფით ზეგავლენაზე საუბრის შემდეგ, - გააფრთხილა „ქართული ოცნება“, რომ „პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის“.
ამაზე პასუხად პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა პრეზიდენტი ზურაბიშვილი „კონსტიტუციის დარღვევაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ეს არაა პოლიტიკური საკითხი - სამართლებრივი საკითხია“ და არანაირი კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციასთან.
და როდესაც ბორელი პოლარიზაციის დაძლევის საჭიროებაზე ლაპარაკობდა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა „რადიკალურ ოპოზიციაზე“ და პოლარიზაციის გაღრმავება ირიბად დააბრალა ევროკავშირს: „მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა“, - თქვა მან.
„სტუდენტის და ლექტორის“ მაგალითი
„რუსთავი 2“-ის კითხვაზე, თუკი საქართველომ წელსაც ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ხომ არ გააღრმავებს ეს ქვეყანაში ევროსკეპტიციზმს, ჟოზეპ ბორელმა ასე უპასუხა:
- „გთხოვთ, არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია“;
- „განა თქვენ გვემუდარებით, - ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ამიტომაც ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და დროც არის საამისოდ“.
ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატი ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ასევე გამოეხმაურა დასავლეთის მხრიდან „საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის“ შესახებ შეთქმულების თეორიას და მას „ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია“ უწოდა:
უმაღლესმა წარმომადგენელმა მიანიშნა, რომ ბრიუსელის უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არა ბრიუსელს, არამედ თბილისს დაეკისრება. მან საილუსტრაციოდ სტუდენტისა და ლექტორის ასეთი მაგალითი მოიტანა:
„სტუდენტი რომ გადის გამოცდაზე, პროფესორმა ჩამჭრაო, ხომ არ იტყვის? თავად უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი. ჩვენი შეფასება არის ობიექტური. ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ“, - განაცხადა მან.
და ამის პასუხად მიიღო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისგან კრიტიკის ნიაღვარი:
„პოლიტიკური“ თუ „დამსახურებაზე დაფუძნებული“ გადაწყვეტილება
„მე ასე მარტივად არ დავაყენებდი საკითხს… გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით“, - თქვა ღარიბაშვილმა და გააგრძელა:
- „ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას“;
- „შარშან მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად, ავანსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია. ჩვენ კი არ მივიღეთ სტატუსი“;
- „ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს უსამართლობა. არ ვეგუებით ამას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, იყოს სამართლიანი“.
სამართლიანობას გაუსვა ხაზი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმაც. ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ მან თქვა: „ჩვენგან საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული“.
ღარიბაშვილმა ბორელს უთხრა, რომ
- „მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ“.
- „როგორც ბრძანებთ, თუ თქვენ გსურთ ნამდვილად, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, - ამას დრო დასჭირდება, - მაშინ ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს“.
აქვე გაიმეორა არაერთხელ ნათქვამი ფრაზა, რომ „არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში“ და „როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში“.
ჟოზეპ ბორელს ამ სიტყვებზე დამატებითი არგუმენტებით აღარ უპასუხია, - მადლობა გადაიხადა და ბოლოში თქვა, რომ „რუსეთს ძალიან გაუხარდება, თუ წარმატებული არ იქნება საქართველო და ჩვენი ურთიერთობა“.
წინა დღით მან განაცხადა, რომ „კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაც ამა თუ იმ ქვეყანას დაუმსახურებლად ეკუთვნის - ის უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით“.
ღარიბაშვილი-ბორელის კითხვა-პასუხის მოკლე ვერსია იხილეთ აქ:
პრესკონფერენციას სრულად შეგიძლიათ აქ გადახედოთ:
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.