Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა ხელი მოაწერა ოქმს შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ნიუ-იორკი, 19 სექტემბერი, 2023.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ნიუ-იორკი, 19 სექტემბერი, 2023.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხელი მოაწერა ოქმს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ამის თაობაზე მისი ადმინისტრაცია იტყობინება. დოკუმენტი რატიფიკაციისთვის გადაეცა ქვეყნის პარლამენტს - დიდ ეროვნულ ასამბლეას. ამ საკითხზე პარლამენტის სხდომის თარიღი არ დაუსახელებიათ.

შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც მანამდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, ნატოში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დაწყებიდან მალევე. ფინეთი 2023 წლის აპრილში გახდა ალიანსის წევრი. შვედეთის ნატოში გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ბლოკავდნენ.

ანკარამ სტოკჰოლმისგან მოითხოვდა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ აქტივისტების ექსტრადირებას, რომლებსაც ის ტერორისტებად მიიჩნევს და რომლებმაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს შვედეთში. ასევე თურქეთი ითხოვდა შვედეთის მიერ დაწესებული იარაღის ემბარგოს გაუქმებას. გარდა ამისა, ერდოანმა მწვავედ დაგმო შვედი აქტივისტების მიერ ყურანის დაწვასთან დაკავშირებული ინციდენტები და სხვა ანტიისლამური გამოსვლები.

თუმცა, მიმდინარე წლის ივლისში მან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღარ შეუშლის ხელს შვედეთს ალიანსში გაწევრიანებაში. დაპირება გაკეთდა ნატოს ვილნიუსის სამიტამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერდოანის საუბრის შემდეგ.

იმისათვის, რომ შვედეთი ნატოში გაწევრიანდეს, მისი განაცხადი ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაამტკიცოს. ნატოში ამჟამად 31 სახელმწიფო შედის.

XS
SM
MD
LG