ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს შორის ლიდერობენ რუსები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში რუსეთიდან თითქმის 1 მლნ 150 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 47.3 %-ით აღემატება და 4.7%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.
რუსეთსა და საქართველოს შორის ავიარეისები მიმდინარე წლის მაისში აღდგა.
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ხუთეულში შედიან ასევე თურქეთი (1 081 419 ვიზიტორი), სომხეთი (736 086 ვიზიტორი), ისრაელი (182 651 ვიზიტორი) და აზერბაიჯანი (147 195 ვიზიტორი). მათ მოსდევენ ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსი, ირანი და პოლონეთი.
- 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
- 2023 წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.