Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან საქართველოში „საახალწლო ტურებს აქტიურად ჯავშნიან“


საახალწლო დეკორაციები თბილისში, 20 დეკემბერი, 2017 წელი.
საახალწლო დეკორაციები თბილისში, 20 დეკემბერი, 2017 წელი.

საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებაა, ტურები თითქმის დეკემბრის ბოლომდე, საახალწლო არდადეგების ჩათვლითაა გაყიდული, წერს Интерфакс-туризм -ი ტუროპერატორის, FUN&SUN-ის, პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ვხედავთ საქართველოში პაკეტურ ტურებზე შესამჩნევ ზრდას. უფრო მეტიც, ზაფხულში მოთხოვნადი იყო როგორც ბათუმის სასტუმროებში დასვენება, ისე ექსკურსიული ტურები თბილისში. ახლა მოთხოვნა საექსკურსიო პროგრამებზე გადავიდა. გაყიდვები დეკემბრის ბოლომდე აღწევს, საახალწლო ტურები უკვე აქტიურად იჯავშნება“, - განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლგა ივანოვამ.

მისივე თქმით, დაჯავშნილი ტურების საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღეა, მაქსიმალური კი ორ კვირას აღწევს.

მოსკოვიდან რეგულარულ ავიარეისებზე ავიაბილეთების დეფიციტი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ საახალწლო თარიღებთან ახლოს შეიძლება წარმოიშვას“, - განაცხადა ივანოვამ.

რუსული გამოცემა ქართულ ტრადიციებზეც ჰყვება: „რუსებისთვის ტრადიციული ნაძვის ხის ნაცვლად, ქართველები სათამაშოებითა და გირლანდებით ჩიჩილაკებს რთავენ - თხილის ტოტისგან დამზადებულ საახალწლო ხეს. ზუსტად შუაღამის შემდეგ ყველა სპეციალურ სტუმარს - მეკვლეს - ელოდება“.

მანამდე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაადასტურა, რომ თბილისისა და ბათუმის მიმართულებებით რუსული ავიახაზების ახალი რეისები შესრულდება. 14 ოქტომბრიდან "აზიმუტი" ფრენებს იწყებს მინვოდი-თბილისი-მინვოდის, 11 ოქტომბრიდან სოჭი-თბილისი-სოჭის, ხოლო 9 ოქტომბრიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებებით. გარდა ამისა, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე (29 ოქტომბრიდან) ავიაკომპანია Red Wings-ი ფრენებს ჟუკოვსკიდან (მოსკოვის რეგიონი) თბილისის მიმართულებით განახორციელებს.

"აზიმუტი" უკვე დაფრინავს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე, Red Wings კი - მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისი-სოჭის მარშრუტებზე. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways ახორციელებს.

XS
SM
MD
LG