Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე შსს-მ წარმოება დაიწყო


თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის ღობეზე აღმართული ისრაელის დროშის ჩამოხსნასა და შებღალვას. ​

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ​ ფაქტზე დაწყებულია საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლი 174​ (18) შესაბამისად, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მომხდართან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია ოთხი პირი. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.
  • 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.
  • 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
  • ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.
XS
SM
MD
LG