დღეს დილით ისრაელში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი. ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს შეხვდება.
სუნაკი თელ-ავივში ჩავიდა ისრაელის მიერ პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასისთვის“ გამოცხადებული ომის დროს, რომელიც მეცამეტე დღეა მიმდინარეობს.
BBC-ს ინფორმაციით, თელ-ავივის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმას შემზარავი ტერორისტული აქტი უწოდა და ისრაელისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.
ვიზიტის წინ, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი ტრაგედიაა და დაწყებული „ჰამასის“ შემზარავი ტერაქტიდან, უკვე საკმაოდ ბევრი სიცოცხლეა დაკარგული. პრემიერ-მინისტრ სუნაკის თანახმად, ალ-აჰლის საავადმყოფოზე დარტყმა მთელი მსოფლიოსთვის უნდა იქცეს გარდამტეხ მომენტად და ბიძგად, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის საშიში ესკალაცია და დიდი ბრიტანეთი შესაბამისი მოქმედების ავანგარდში იქნება.
17 ოქტომბერს ისრაელში იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ხოლო 18 ოქტომბერს - აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
- საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.
- 18 ოქტომბერს, აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.
- 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
- ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.