აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 100 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს ღაზის და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ პალესტინელებს.
„ეს თანხა მოხმარდება მილიონზე მეტი პალესტინელის დახმარებას, რომლებიც დევნილი არიან კონფლიქტის შედეგად, ასევე - ღაზის სექტორში გადაუდებელ საჭიროებებს“, - განმარტა ბაიდენმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტი აპირებდა კონგრესისთვის დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის გამოთხოვას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად.
ისრაელმა, თავის მხრივ, აშშ-ს მიმართა თხოვნით, გამოუყოს სასწრაფო დახმარება 10 მილიარდის ოდენობით.
ჯო ბაიდენი ვიზიტით ისრაელში 17 ოქტომბერს ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ბაიდენმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს თავისი ხალხის დაცვაში, მან დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა და ის შეადარა ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოს“.
დასავლეთის მედია წერს, რომ მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, შეერთებული შტატებისა და ისრაელის ხელმძღვანელობის მიდგომები ყველა საკითხში არ ემთხვევა ერთმანეთს. ადრე ბაიდენის თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს ისრაელის ხელმძღვანელობას „მძიმე კითხვები“ დაუსვას ისრაელის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. კონკრეტულად რა კითხვები, კირბის არ უთქვამს.
ისრაელში ვიზიტის წინ ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ უნდა განადგურდეს, მაგრამ თქვა, რომ ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნებოდა.
როგორც Times of Israel-ი აღნიშნავს, თეთრ სახლს სურს იცოდეს, რას უპირებს ისრაელი ღაზას „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ.