Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას ისრაელისა და ღაზის შესახებ


აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდი. 18 ოქტომბერი, 2023 წელი
აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდი. 18 ოქტომბერი, 2023 წელი
18 ოქტომბერს აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირების დროს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის მიზნით, გამოდიოდა ე.წ ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოწოდებით.
ბრაზილიის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის კენჭისყრა ორჯერ გადაიდო ბოლო დღეებში. პროექტს 18 ოქტომბერს 12 წევრი მიემხრო, თავი შეიკავეს რუსეთმა და ბრიტანეთმა.
„ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით და მძიმე დიპლომატიურ სამუშაოს ვასრულებთ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა. „ვფიქრობ, უნდა მივცეთ ამ დიპლომატიას თავი გამოიჩინოს“, - მოჰყავს ამერიკის წარმომადგენლის სიტყვები Reuters-ს, რომლის ცნობით, ვაშინგტონი, ტრადიციულად, თავის მოკავშირე ისრაელს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერი ქმედებისგან იცავს.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში 18 ოქტომბერს გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ მოხდეს „ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტა“ მძევლების განთავისუფლების მიზნით და ტვირთის შესატანად ღაზის სექტორში.
აშშ-ის ვეტო გააკრიტიკეს რუსეთმა და ჩინეთმა.
აშშ-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ იმედგაცრუებული იყო იმის გამო, რომ რეზოლუციის პროექტში არ იყო ნახსენები ისრაელის უფლება თავდაცვაზე და ჰუმანიტარულ კრიზისში ბრალი დასდო „ჰამასს“.
• ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა გაერთიანებამ ისრაელის ქალაქებს რაკეტები დაუშინა და შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ. ისრაელის ტერიტორიაზე სულ მოკლულია 1400-მდე ადამიანი.
• გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა. ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთის მოსახლეობას მოეწოდა სამხრეთში წავიდეს. ღაზის სექტორს ისრაელის არმიამ ალყა შემოარტყა.
• საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
• 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
• ისრაელის არმიის ინფორმაციით, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი.
XS
SM
MD
LG