ლიბანის უსაფრთხოების ძალების თანახმად, ისრაელის მიერ ჭურვების დაშენის შედეგად ლიბანის სამხრეთში, სოფელ ალმა ალ-შააბის მახლობლად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
ისრაელმა ომი გამოუცხადა რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ 7 ოქტომბერს, როცა ის თავს დაესხა ისრაელის ტერიტორიას ქვეყნის სამხრეთში. ლიბანის საზღვრებთან, ჩრდილოეთში, ბოლო დღეებში არის სროლა, მაგრამ მასიური დაპირისპირება მეორე ფრონტზე არ დაწყებულა.
Reuters-ი 17 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან "ჰამასის" ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის მედიის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ბოლო 24 საათში მოკლული პალესტინელების რიცხვი 80-ით გაიზარდა.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელი ბომბავს ღაზის სექტორის ჩრდილოეთს და რეგიონი ალყაში მოაქცია.
სამხედრო ოპერაციის ახალ ეტაპზე გადასვლის გამო, 13 ოქტომბერს ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება და სამხრეთში გადასვლა მოსთხოვა.
გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
სულ ომის დაწყების შემდეგ, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 ათასს აჭარბებს.
ისრაელის არმიის 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სულ მცირე, 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.