Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა ბელგიასთან საზღვრის დაცვა გააძლიერა ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის გამო


ადგილი ბრიუსელში, სადაც 16 ოქტომბერს, საღამოს, შეიარაღებულმა პირმა შვედეთის 2 მოქალაქე მოკლა
ადგილი ბრიუსელში, სადაც 16 ოქტომბერს, საღამოს, შეიარაღებულმა პირმა შვედეთის 2 მოქალაქე მოკლა

საფრანგეთის მთავრობამ ბელგიასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა მას შემდეგ, რაც ბრიუსელში შეიარაღებულმა პირმა 2 ადამიანი მოკლა და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, დღეს, 17 ოქტომბერს, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი საფრანგეთისკენ გაემართა, თუმცა პრევენციის მიზნით გადაწყვიტეს ბელგიასთან საზღვარზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის გაორმაგება.

16 ოქტომბერს, საღამოს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა შვედეთის 2 მოქალაქე და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევარია. სააგენტო Belga დეტალების დაკონკრეტების გარეშე წერს, რომ პოლიციისთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.

თავდამსხმელის მიერ მოკლული შვედები ბრიუსელში იმყოფებოდნენ მათი ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ. თავდასხმა მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ბელგიისა და შვედეთის ნაკრებთა შეხვედრა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ შეწყდა.

XS
SM
MD
LG