ბრიუსელში მომხდარი სროლის გამო, რასაც ორი, სავარაუდოდ, შვედეთის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი, შეეწირა, უეფამ მიიღო ბელგიისა და შვედეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის მეორე ტაიმის შეწყვეტის გადაწყვეტილება. პირველი ტაიმი გუნდებმა დაასრულეს ანგარიშით 1:1.
სამაუწყებლო კორპორაცია "ბიბისის" ცნობით, უეფამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ორივე გუნდის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ პოლიციასთან კონსულტაციის შედეგად.
ადგილობრივი მედიისა და სოციალური ქსელების ინფორმაციით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა მატჩის დაწყებამდე გახსნა ცეცხლი და სკუტერით მიიმალა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებსაც შვედური საფეხბურთო ნაკრების მაისურები ეცვათ.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ მომხდარ სროლას ისინი ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. მიმდინარეობს თავდამსხმელის ძებნის ოპერაცია.
ვალონური გაზეთი Sudinfo წერს, რომ თავდამსხმელმა ფეისბუკით გაავრცელა ვიდეომიმართვა. მასში ის აცხადებს, რომ IS-ის ("ისლამური სახელმწიფოს") წევრია და ამაყობს, რომ ურწმუნოები დახოცა.
- წინა დღით საფრანგეთის ქალაქ არასის ჩრდილოეთში მდებარე გამბეტის საშუალო სკოლაში ერთი მასწავლებელი დაიღუპა და ორი ადამიანი დაიჭრა თავდასხმის დროს, რომელიც, ფრანგული მედიის თანახმად, ამ სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, ეთნიკურმა ჩეჩენმა ჩაიდინა.
- ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი, 20 წლის ახალგაზრდა, პოლიციამ დააკავა. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. მაგრამ როგორც სააგენტო "ფრანს პრესს" განუცხადეს პოლიციაში, თავდასხმის დროს იგი ყვიროდა: „ალაჰ აკბარ“.