Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ლიბანის საზღვარზე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა


ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ და ისრაელის თავდაცვის არმიამ (IDF) თავიანთ ერთობლივ მიმართვაში ლიბანის საზღვრიდან ორ კილომეტრში მდებარე დასახლებების მაცხოვრებლების ევაკუაციის შესახებ განაცხადეს.

ევაკუაციის გეგმა მოიცავს 28 დასახლებას, რომელთა მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პანსიონატებში განათავსებენ. ევაკუაციის გეგმა თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დაამტკიცა.

კვირას ისრაელის ხელისუფლებამ დაიწყო ღაზის სექტორის ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე სდეროტის მაცხოვრებლების ევაკუაცია. ეს არის მთელი ქალაქის მოსახლეობის პირველი ევაკუაცია ქვეყნის ისტორიაში. მერის მოადგილემ ელად კარიმიმ თქვა, რომ 30 000 მცხოვრებიდან დაახლოებით ორი მესამედი უკვე ევაკუირებულია. ასევე, მისი შეფასებით, სდეროტის მაცხოვრებლების დაახლოებით 10 პროცენტი დარჩება ქალაქში, საკუთარი სურვილით ან გადაუდებელი გარემოებების გამო.

ომი ისრაელში დაიწყო 7 ოქტომბრის დილით. ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან მასიური სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. საპასუხოდ, ისრაელი რამდენიმე დღეა ღაზის სექტორზე მასიურ ავიაიერიშებს ახორციელებს. ბოლო მონაცემებით, ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად ისრაელში, სულ მცირე, 1400 ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორში 2670 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 9600 კი დაშავდა.

XS
SM
MD
LG